20 ივნისის აქცია შედგა, სადაც დაზუსტებით ვერავინ იტყვის რამდენი ადამიანი გამოვიდა, მაგრამ ფაქტია, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია გადაჭედილი იყო. ყველა იქ მყოფ ადამიანს აერთიანებდათ იდეა და ეს არის საქართველოს ევროპული გზა, აქციის სახელწოდებაც ხომ ეს იყო - „შინ ევროპისკენ“. მართალია აქციაზე მყოფ პოლიტიკოსებს ტრიბუნა არ დაეთმოთ და ბევრი ალბათ ნაწყენიც დარჩა, მაგრამ მთავარი სათქმელი იყო, რომ ქართული საზოგადოება საგარეო ორიენტირის შეცვლას არ დაუშვებს.
გუშინდელი აქციის გზავნილებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ „აიპრესთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი საუბრობს: დავით ზურაბიშვილი: მე აქციამდე რამდენიმე საათით ადრე დავწერე სოციალურ ქსელში, რომ იმდენი უნდა ვიყოთ, ხელისუფლებამ „ნაცები“ „ნაცები“ ვერ იძახოს და „იმედმა“ დრონი არ გაუშვას-მეთქი. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც ეს მოხდა. ხელისუფლებამ თავიდან კი „ნაცები“ იძახეს, მაგრამ მერე იმდენი ჭკუა კი ეყო, რომ ეს აღარ ეთქვა და თან უკვე იმდენად შეუძლებელი იყო ეს, რომ აღარ თქვეს. ეს არის აქციის მესიჯი, რომ ხალხს უნდა დასავლური ორიენტაცია, უნდა ევროპა და ევროკავშირი. ყოველგვარი თამაშები მკაცრად იქნება შეფასებული ამ ხალხის მიერ. მეორე მთავარი მესიჯია, რომ ხალხი უკმაყოფილოა ხელისუფლების პოლიტიკით. ამ მიმართებით განსაკუთრებით. ანუ, ევროპასთან და ევროკავშირთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკა აღმოჩნდა ის გამაერთიანებელი, რამაც სრულიად განსხვავებული ადამიანები - 100 000 კაცი გამოიყვანა გარეთ. 100 000 კაცი რომ გამოვა შენ წინააღმდეგ, იდეაში იქ შენი ამბავი დამთავრებულია. აქ ორი ვარიანტია: ან შენ უნდა წახვიდე რეფორმებზე, რომელიც უბრალოდ შეუძლებელია, რომ საბოლოო ჯამში არ დამთავრდეს ხელისუფლების შეცვლით, მაგრამ ეს იქნება უფრო უმტკივნეულოდ. _ ძალაუფლების უფრო გახანგრძლივებაც, ვიდრე ეს იქნებოდა იგივე რევოლუციის შემთხვევაში? _ შეიძლება ამით 2 წელი კიდევ გასტანონ, მაგრამ რეფორმები გაატარო და უფრო პლურალისტური გახდეს გარემო. რაღაცა ტიპის ძალაუფლება დათმო, რაც საბოლოოდ მიგიყვანს ძალაუფლების დათმობამდე, მით უმეტეს თუ ევროკავშირი გვინდა და მისი მოთხოვნების შესრულება, ეს ასე მოხდება. მეორე ვარიანტია, რასაც მიმართავენ ხოლმე ხელისუფლებები და სააკაშვილის ხელისუფლება იყო ამის მაგალითი, რომ შეეცადო ეს გადააგორო - ანუ არ დამთმო ძალაუფლება ოდნავადაც, პირიქით მეტი კონტროლი მოიპოვო, გასცე რაღაცა ტიპის დაპირებები, ის მოატყუო, ეს გადააგდო და ა. შ. მერე შეეცადო, ხალხში ჩაცხრეს ემოციები, ნიჰილიზმი გამოიწვიო და ამის ხარჯზე გადააგორო. ამ გზას მიმართა სააკაშვილმა 2007-08 წლებში, როცა ძალიან მძიმე კრიზისი ჰქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ცუდად დამთავრდა იმ ხელისუფლებისთვისაც. იმიტომ, რომ უკმაყოფილება არსად არ წავა და მაინც იჩენს თავს. შეიძლება უფრო უარესიც იყოს ქვეყნისთვის დაგვიანებული რეაქცია, ვიდრე თავის დროზე. [caption id="attachment_494607" align="aligncenter" width="560"] დავით ზურაბიშვილი: "2024-ში ყველა შემთხვევაში მოხდება ხელისუფლების შეცვლა, თუ ოპოზიციამ დიდი შეცდომები არ დაუშვა"[/caption] _ რომელ გზას აირჩევს „ქართული ოცნება“? _ მე ვფიქრობ უფრო მეორეს. შეეცდება, რომ გადააგოროს უმნიშვნელო დათმობების ხარჯზე, თუმცა არ გამოვრიცხავ იმას, რომ მთლად უმნიშვნელო დათმობებიც არ იყოს. ვფიქრობ, რომ მოულოდნელი იყო ამდენი ხალხის გამოსვლა ბიძინა ივანიშვილისთვისაც და სახელისუფლებო ელიტისთვისაც. იმიტომ, რომ ჰგონიათ, რომ რასაც პროპაგანდით ამტკიცებენ მართლა ასეა. _ თუმცა ამისთვის მზაობა გუშინვე შეინიშნებოდა. თუნდაც ის, რომ კალაძემ თქვა, შევასრულებთ ევროკავშირის მოთხოვნებსო. _ ეს მანამ ღარიბაშვილმაც თქვა და ყველამაც, რომ ვასრულებთო. მაგალითად დაწერენ რაღაც ანტიოლიგარქიულ კანონმდებლობას, სადაც დაწერენ, რომ ამდენი და ამდენი ფული თუ აქვს ადამიანს, ის არ შეიძლება იყოს პოლიტიკურ თანამდებობაზე, მაგრამ არც არის. _ კობახიძემ გვითხრა, რომ ოლიგარქები „ნაცმოძრაობამ“ და „ლელომ“ თავის რიგებში მოიკითხოსო. _ ამას სულ ამტკიცებენ, მაგრამ ეს ძალიან არასერიოზულია, მაგრამ აქ ეგ არ არის მთავარი. მთავარი ის არის, როგორი იქნება ხელისუფლების რეაქცია. მე შედარებით შუაშისტურ პოზიციასაც არ გამოვრიცხავ, რომ ვთქვათ არსებით ცვლილებებზე არ წავიდეს, მაგრამ გამოცვალოს მთავარი მოთამაშეები მარიონეტების სახით - ღარიბაშვილი და კობახიძე. ეს ორი ყველაზე ოდიოზური ფიგურა მოაშოროს. _ შინაარსობრივად რა შეიცვლება ამით? _ გააჩნია ვის მოიყვანს, მაგრამ რაღაცა ტიპის ცვლილება მაინც იქნება. ღარიბაშვილი და კობახიძეც ძალიან ოდიოზურია და ანტიდასავლურ განწყობების მატარებლები არიან. _ ელოდებით ისეთი ფიგურის მოსვლას, მაგალითად თავის დროზე როგორც მოხდა, როცა ღარიბაშვილი კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა? _ რაღაცა მსგავსი გამორიცხული არ არის. მაგრამ, მე არ ვარ დარწმუნებული, რამდენად შენარჩუნებულია ივანიშვილის ადეკვატურობა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ არაფერი გააკეთოს. 5-6 წლის წინ თითქმის დარწმუნებით ვიტყოდი, რომ გამოცვლიდა, ახლა ასე დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება არათუ არ გამოცვალოს, ისევ ამათ მიანდოს ყველაფერი. ეს უკვე არაადეკვატურობის ნიშანი იქნება და ძალიან დამაფიქრებელი. _ აქციის ორგანიზატორების ის გზავნილი რა იყო, როდესაც სცენა არ დაუთმეს პოლიტიკოსებს? _ ეს სწორი იყო და ეს თავიდანვე ასე იყო გამოცხადებული. იმიტომ, რომ გამაერთიანებელი იყო. საერთოდ მიტინგზე ხალხი მოდის ემოციით, ხალხი არ მოდის პოლიტიკური დღის წესრიგით. ამ ემოციის გადათარგმნა პოლიტიკურ დღის წესრიგში არ არის ადვილი. ძალიან ძნელია, რომ 100 000 კაცის მოსაწონი პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნა. მე ვიტყოდი, რომ ეს შეუძლებელიც კია, ამიტომ ეს ამბავი შემდგომში რთული იქნება. პოლიტიკოსები რომ გამოეყვანათ სცენაზე და პოლიტიკური სახე მიეღო მაშინ, იმ 100 000-დან შეიძლება 10 000-ს მოსწონებოდა, მეორე 10 000-ს არ მოსწონებოდა, მესამე 10 000-ს ეთქვა, რომ სახლში წავედიო და ა. შ. ეს სწორი იყო. ამ შემთხვევაში ევროპული ინტეგრაცია იყო მნიშვნელოვანი ამბავი.
"თუ ოპოზიცია შეეცდება, რომ ხელისუფლების „ამ გადაგორების“ მცდელობაში რაღაცა რევოლუციურად მოუაროს და გადატეხოს წელში ხელისუფლება აქციებით, პიკეტებით, მივარდნებით და პარალელურად დასავლეთიდან სანქციები გამოითხოვოს, ამ გაზაში პერსპექტივას ვერ ვხედავ. ასეთ ვითარებაში რას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი, კაცმა არ იცის"
_ ამ მუხტით უნდა გაგრძელდეს შემდეგი აქციებიც? _ არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება ამ მუხტით გაგრძელება. ასე არ ხდება, რომ ყველა აქციაზე 100 000 კაცი გამოდიოდეს. შემდეგი აქცია შეიძლება დიდი იყოს, მაგრამ ასეთი გრანდიოზული ვერ იქნება, როგორც გუშინ იყო. ეს იმაზეც არის დამოკიდებული, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპის საბჭო. მე ვფიქრობ, რომ ამ აქციის სიმრავლეს გარკვეული რეზონანსი საზღვარგარეთაც ექნებოდა, რამეთუ დაინახავდნენ საზოგადოების განწყობას. _ ოპოზიცია როგორ უნდა მოიქცეს ამ ვითარებაში? _ გააჩნია ოპოზიციას. ოპოზიცია არ არის ერთგვაროვანი. სხვადასხვა ტიპის საპროტესტო განწყობების გამომხატველია. არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც თავისი დღის წესრიგი აქვს, არის გახარიას პარტია, რომელსაც თავისი დღის წესრიგი აქვს და არის პატარ-პატარა პარტიები, რომლებსაც ასევე თავისი დღის წესრიგი აქვს. ამიტომ, ყველა ერთი დღის წესრიგით ვერ გამოვა. პირადად ჩემი აზრით აქ ორი ვარიანტია: ან იღებ ორიენტაციას იმაზე, რომ ხელისუფლებას ცვლი რევოლუციური გზით - ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ჯერ ხელისუფლება უნდა გატეხო, აიძულო ივანიშვილი, რომ წავიდეს ქვეყნიდან და დაანაბოს თავის ყველაფერს. სანამ არჩევნები იქნება, მანამ შეცვალო ფაქტობრივად ხელისუფლება, მაგრამ არჩევნებით გააფორმო. ან მოემზადო არჩევნებისთვის და არჩევნების გზით შეცვალო ხელისუფლება. ეს ორი გზაა და რომელ გზას აირჩევენ ამ ორი გზიდან, იმას აქვს მნიშვნელობა. _ თქვენი აზრით, რომელია სწორი? _ ჩემი პირადი აზრით პირველი გზა არასწორიც არის და არასასურველიც. რომც გამოვიდეს, მაინც ცუდი იქნება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მოგვიწიოს მაგ გზაზე წასვლა თუ ხელისუფლება გადავარდა არაადეკვატურობაში, მაგრამ ეს არ იქნება კარგი და არც რეალისტური მგონია.
"ივანიშვილი შეეცდება, რომ კრიზისი გადააგოროს უმნიშვნელო დათმობების ხარჯზე, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ ორი ოდიოზური ფიგურა - ღარიბაშვილი და კობახიძე გაუშვას"
_ გგონიათ, ოპოზიცია ახლა მაინც გამოიყენებს შანსს და ისევ არ გაუშვებს ხელიდან? _ არჩევნები არის 2 წელში. თუ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა ეგ სხვა ამბავია, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება რიგგარეშე დანიშნოს. შეეცდება გადააგოროს. თუ ოპოზიცია შეეცდება, რომ ამ გადაგორების მცდელობაში რაღაცა რევოლუციურად მოუაროს და გადატეხოს წელში ხელისუფლება აქციებით, პიკეტებით, მივარდნებით და პარალელურად დასავლეთიდან სანქციები გამოითხოვოს, არ მგონია, რომ ეს გზა მოიტანს შედეგს. ვერ ვხედავ ამ გაზაში პერსპექტივას, რადგან აქ სივრცისთვის მანევრი ექნება ხელისუფლებას და თავად დასავლეთიც არა მგონია დაინტერესებული იყოს არასტაბილურობით ქვეყანაში. რევოლუციური ცვლილება კი ყოველთვის არასტაბილურობის საფრთხის შემცველია. მით უმეტეს ჩვენნაირ რეგიონში, სადაც რუსეთის საფრთხე დიდია. თუ ასეთ ვითარებაში ჩააყენებენ ხელისუფლებას, რას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი, კაცმა არ იცის. ამიტომ, ვინმემ რომ მკითხოს რჩევა, მე ყველას ვურჩევდი, რომ ორიენტირი არჩევნების მოგებაზე ჰქონდეთ. მანამდე აიძულონ ხელისუფლება, ის მოთხოვნები შეასრულონ, რაც აქვს ევროკავშირს. მანამდე მოძლიერდნენ და თუ რიგგარეშე არჩევნების მხრივ მომწიფდება სიტუაცია, ეგ სხვა ამბავია. თუ არადა მაშინ 2024-ში უნდა მოხდეს ცვლილება. მე ვფიქრობ, მაშინ ყველა შემთხვევაში მოხდება ხელისუფლების შეცვლა, თუ ოპოზიციამ დიდი შეცდომები არ დაუშვა. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი