რთული ვითარებაა უკრაინა-რუსეთის საზღვართან, საითკენაც მიპყრობილია მთელი მსოფლიოს ყურადღება. იმ ფონზე კი, როდესაც მსოფლიო ჩვენ რეგიონს გამადიდებელი შუშით უყურებს, საქართველოს ხელისუფლება ზედმეტად ინერტულია, აქტიურობაში მოიკოჭლებს ოპოზიციაც, რომელმაც განცხადება მხოლოდდამხოლოდ გუშინ გააკეთა, ეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი თემა 1 კვირაზე მეტია ეს თემაა.
რამდენად საკმარისი იყო ხელისუფლების ნაბიჯები, როგორ უნდა ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას და რას აკეთებს აქტიურობის თვალსაზრისით ოპოზიცია? - ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში საპარლამენტო ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრი თეონა აქუბარდია საუბრობს: _ საგარეო საქმეთა მინისტრის „ტვიტი“ საკმარისი იყო უკრაინის თემაზე, თუ უფრო მეტია საჭირო? _ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის იმის შესაბამისი, რაც არის სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა. ეს არის საერთო კონსენსუსის საგანი არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, არამედ ასევე საზოგადოებაშიც. აქამდე უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ მხარდამჭერი განცხადებები როგორც პრემიერ-მინისტრისგან, ისე პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრისგან, არამედ მხარდამჭერი ვიზიტებიც, ეს არის ის მოცემულობა, რომელიც დღეს გვაქვს და სამწუხაროდ ამას პირადად ჩემთვის არანაირი ახსნა არ აქვს. იმიტომ, რომ ეს არ ხდება. ეს არ არის მხოლოდ ცალკე უკრაინის მხარდაჭერის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც გულისხმობს, როგორც სამხედრო აგრესიის განახლების რისკს, ასევე ჰიბრიდული ტექნიკის გამოყენებასაც უკრაინის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს რუსეთზე, რომელიც ემუქრება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსაც - ეროვნულ უსაფრთხოებასა და ინტერესებს. ასევე ნატოში წევრობას. შესაბამისად, ეს არის ის საკითხი, რომელიც უკავშირდება უშუალოდ საქართველოს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი აქტიური ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. _ მაშინ რატომ ვდუმვართ? სხვათა შორის ოპოზიციიდანაც ვერ დავინახე ის აქტიურობა, რასაც ველოდი. მგონია, რომ ამ ვითარებაში მინიმუმ ბრიფინგი ბრიფინგზე უნდა იმართებოდეს, რაც სამწუხაროდ არ გვინახავს. რატომ? _ მე მგონი ჩამორჩით მოვლენებს, დღეს გვქონდა ერთობლივი განცხადება. _ დღეს ვნახე, კი ბატონო, მაგრამ ერთობლიობაში ვკითხულობ. _ წინა კვირიდან მოყოლებული მე პირადად უშუალოდ ვარ ჩართული კონსულტაციებში როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლებთან. როგორც იცით პარლამენტში დარეგისტრირებული იყო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი, ეს იყო დეკემბერში და ახლა, როდესაც საგაზაფხულო სესია გაიხსნება. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ საკითხის განხილვა. დღეს მივიღეთ უმრავლესობის მხრიდან ბიუროზე განხილვის თანხმობა და კონსულტაციები არა მხოლოდ რეზოლუციის ერთობლივ ინიცირებასა და მის შინაარსზეა საჭირო, არამედ საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ერთობლივი ვიზიტის აუცილებლობაზეც, რათა ეს იყოს ზეპარტიული  და გვქონდეს მრავალპარტიული მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტზე. იმიტომ, რომ პარტიულ მხარდაჭერას და სიარულს სხვა ძალა აქვს, ხოლო ერთიანობას და სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას სხვა მნიშვნელობა აქვს. უკრაინა სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ გვაქვს, როგორც საერთო გამოწვევები, ასევე ინტერესებიც. ნატოში გაწევრიანება ცალსახად საერთო საკითხია, რასაც სჭირდება აქტიური მუშაობა. ჩვენ გვაქვს შედეგი იმისა, რომ კონსულტაციები გაიმართება უმრავლესობასთან, რაც დაგვიდასტურდა ბიუროზე და მე მაქვს მოლოდინი იმის, რომ ჩვენ შევძლებთ ერთობლივი რეზოლუციის დამტკიცებას, ასევე სხვა ნაბიჯებსაც გადავდგამთ, რაც აუცილებელია, როგორც უკრაინის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერადაც. _ რაც შეეხება უშუალოდ კონფლიქტს. ნეგატიური მოლოდინი გაქვთ, რომ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას? _ მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინები არსებობს, რომ რუსეთმა შესაძლოა დაიწყოს სამხედრო ინტერვენცია უკრაინის წინააღმდეგ, რადგანაც უკრაინის საზღვრების სიახლოვეს განთავსებულია დიდძალი სამხედრო ძალა. არ დაგვავიწყდეს ბრიტანეთის განცხადებაც, სადაც ის ღიად სდებს რუსეთს ბრალს, რომ ის გეგმავს სამხედრო გადატრიალების მოწყობას უკრაინაში და ცვლილებას რუსეთის სასარგებლო ძალებით, შესაბამისად, სხვადასხვა სცენარებია განხილვაში. იცით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთისა და აშშ-ის ხელმძღვანელობას შორის, ასევე ეუთოს ფორმატებში. დასავლეთმა თავისი პოზიცია დააფიქსირა რუსეთის წერილობით მოთხოვნასთან დაკავშირებით და ეს პროცესი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გაკვეთილები, რომელიც დასავლეთმა მიიღო 2008 წლის აგრესიის ფონზე, არა მხოლოდ ომის, არამედ ჩვენი ტერიტორიების აღიარების კუთხით, იყოს გათვალისწინებული და მწყობრი და ერთიანი პოზიცია უკრაინის რაიმე ფორმით შეზღუდვასთან მიმართებით. _ მაშინ რას გულისხმობდა დასავლეთის ორაზროვანი განცხადებები? ამ შემთხვევაში უშუალოდ პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებებს ვგულისხმობ. _ დიახ, ეს განცხადება ნამდვილად არ იყო კარგი, თუმცა მეორე დღეს ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის შეცვლილი განცხადება. ისევე როგორც ძალიან კარგი გამოსვლა ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსაც. სირთულეები არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც უკრაინის მიმართ სამხედრო მხარდაჭერის კუთხით არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ყველა სცენარი იყოს გათვლილი, რათა რა შეცდომებიც დუშვა დასავლეთმა საქართველოსთან მიმართებით, იგივე არ მოხდეს უკრაინასთან მიმართებაშიც. _ შეამჩნევდით, რომ საქართველოში მომძლავრებულია პრორუსული ნარატივი, განსაკუთრებით შეიმჩნევა ეს სოციალურ ქსელებში. როგორ უნდა ვებრძოლოთ ამას? _ საკმაოდ ფართე ფრონტი აქვთ გაშლილი ასეთ ორგანიზაციებს, იქნება ეს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ორგანიზაციები. ამ ბრძოლას ვერ მოიგებს ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს ბრძოლა ეროვნულ დონეზე უნდა იყოს. მთავრობას აქვს შექმნილი შესაბამისი სტარტკომები ყველა დეპარტამენტში, თუმცა სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ეს უფრო მეტად „ქართული ოცნების“ დასაცავად არის მიმართული, ვიდრე ანტიდასავლური პროპაგანდის საწინააღმდეგოდ. ამ დეპარტამენტებმა სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით თავისი ფუნქცია უნდა შეასრულონ, რაც გულისხმობს დასავლური კურსის მხარდაჭერის საკითხში გაძლიერებულ ქმედებებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის კუთხით არსებული მიდგომები შეიცვალოს, რადგან ეს ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს და ბრძოლისუნარიანობას რუსულ საფრთხეებთან მიმართებით. უნდა გვყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარი ქვეყნის ინტერესების დაცვა იქნება და არა ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგი, ამიტომ სამუშაოა ბევრი მიმართულებით. დღევანდელი მიდგომები კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს ანტიდასავლურ და ვიტყოდი, რომ ანტიქართულ ძალებს, რომ გააკეთონ ბინძური საქმე, რათა საქართველოს ხელი შეუშალონ ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფაში. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი