საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 27 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნულ დღეს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

მინისტრთან ერთად დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მინისტრმა თითოეულ პედაგოგს მრავალწლიანი შრომისთვის, პროფესიისადმი ერთგულებისთვისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ნათელი მომავალი სწორედ მასწავლებლებზე, მათ შრომასა და თავდადებაზე დგას.

„მასწავლებლებს უდიდესი მისია გაკისრიათ და მას ღირსეულად ასრულებთ – ეს არის ყველაზე პატრიოტული, ყველაზე დიდი საქმე, რაც შეიძლება ადამიანმა ქვეყნის სასიკეთოდ აკეთოს. ქედს ვიხრი თითოეულის წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენთვის გამორჩეული პრიორიტეტია თქვენი მხარდაჭერა და თქვენთან ურთიერთობა.  მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვართ და გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სითბო, პატივისცემა და სიყვარული თქვენ მიმართ. ჩემთვის განსაკუთრებით ახლოს დგას პედაგოგის პროფესია, რადგან ჩემი პირველი ცხოვრებისეული გამოცდილება სწორედ მასწავლებლობას უკავშირდება – უნივერსიტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა სკოლაში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ამ პერიოდს, დღესაც ვმეგობრობ ჩემს მოსწავლეებთან და მათი დიდი გულშემატკივარი ვარ. დღემდე ვასწავლი არაერთ უნივერსიტეტში, რადგან ახალგაზრდებთან ურთიერთობა და სასწავლო პროცესში ჩართულობა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია –  ამის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ამიტომ არ გეგონოთ, რომ თქვენ წინაშე დგას მხოლოდ მინისტრი, ან პოლიტიკოსი. პირველ რიგში, მე ვარ მასწავლებელი, რომელიც ამაყობს იმით, რომ პირველი პროფესიული ნაბიჯები სკოლის კედლებში გადადგა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი 10 პედაგოგს გადაეცა. ესენი არიან: ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა ბურძენიძე; ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი თინათინ ფრუიძე; ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაგდანა მათითაიშვილი; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის მასწავლებელი კლარა ფოცხვერაშვილი; წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის მასწავლებელი ციალა ჭანტურია; თბილისის 37-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარ ჩხაიძე; დუშეთის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ელენე პატაშური; თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მასწავლებელი ნელი გელაშვილი; ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის მასწავლებელი შორენა ყარალაშვილი; დაბა შუახევის საჯარო სკოლის მასწავლებელი თეიმურაზ დავითაძე.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება. ამასთან, ყოველწლიურად ამ დღეს ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი.

მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესება საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება. ამ მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, იკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა თუ თემის განვითარებაში. დასკვნით ეტაპზე,  წლის საუკეთესო ათ მასწავლებელს სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია გამოავლენს.

წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ახალი ინიციატივით, მასწავლებელთა შრომის აღიარების მიზნით, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა – თითოეულ მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ დონეზე, შეირჩა და დაჯილდოვდა ხუთი ღვაწლმოსილი მასწავლებელი, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოებას.