"აიპრესი" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ცნობილ ამერიკელ მწერალთან და სცენარისტთან ჯორჯ მარტინთან, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის ქართველმა მწერალმა ზაზა კოშკაძემ ჩაწერა. ზაზა ჯორჯ მარტინს დუბლინში შეხვდა: შეხვედრა შედგა შაბათს, 17 აგვისტოს, 16:50-ზე, დუბლინის საკონფერენციო ცენტრის პრეს-რუმში. ინტევიუ ათი წუთის ნაცვლად ოცდახუთი წუთი გაგრძელდა და მას მისი ორი ასისტენტიც ესწრებოდა.
თავდაპირველად იყო ზღაპარი. ეს იყო ფორმა, რომელიც გადმოსცემდა ამბებს პერსონიფიცირებულ სტიქიებზე, სიკეთესა და ბოროტებაზე. მრავალი ათეული საუკუნის შემდეგ კი გაჩნდა ფენტეზი. ფორმამ ტრანსფორმაცია განიცადა და ლაკონურობა ჩამოიშორა. ის გახდა უფრო მეტი, ვიდრე რაიმე გამოცდილებისა და სიბრძნის გადმოცემის საუკეთესო  საშუალება. ეს გახდა უსასრულობამდე გაშლილი სამყარო, ბევრი მაგიითა და მითოლოგიური პერსონაჟით დასახლებული. სამყარო, სადაც ადამიანები თანაცხოვრობენ ან სულაც ვერ თანაცხოვრობენ, კეთილ და ბოროტ ქმნილებებთან. ეს არის ფენტეზი, ჟანრი, რომელსაც უამრავი მოყვარული ჰყავს და ჟანრი რომელსაც ტოლკინმა დაუდო სათავე. თუმცა ალბათ ტოლკინიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ამ ჟანრის სცენაზე დადგებოდა ადამიანი, რომელიც სრულიად სხვა მასშტაბებზე გაიყვანდა ფენტეზი ლიტერატურას. თუმცა ეს ადამიანი გამოჩნდა და მას ჰქვია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი, ხოლო მისი „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა  ფენტეზი ლიტერატურის სამყაროში. „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ ტრილოგიად იყო ჩაფიქრებული, თუმცა დღეს უკვე მის მეექვსე წიგნს ელოდება მკითხველი. მასზე HBO-მ ასევე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალიც შექმნა სახელწოდებით „სამეფო კარის თამაშები“ (ან „სატახტოთა თამაშები), რომელიც ამ სერიის პირველი წიგნის სათაურია. თუმცა ამ ნაწარმოებამდე მან საკმაოდ გრძელი გზა გამოიარა. მე პირველად მას 2015 წელს შევხვდი, ქალაქ სფოქენში გამართულ სამეცნიერო ფანტასტიკის მსოფლიო კონფერენციაზე. იქ ძალიან ხანმოკლე საუბარი გვქონდა. შემდეგ იყო კანზას სიტიში გამართული იგივე კონფერენცია, სადაც აშკარად ვეღარ მიცნო და აღარც დავკონტაქტებულვარ. წელს კი მესამედ მომიწია მისი ნახვა, რადგან წელს, „სამეცნიერო ფანტასტიკის მსოფლიო კონგრესი“ დუბლინში ტარდებოდა. საზოგადოებაში მის მიმართ არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტე პატარა ინტერვიუ მაინც გამეკეთებინა და ასისტენტების მეშვეობით მისი დათანხმებაც მოვახერხე. ჩვენი შეხვედრა შედგა შაბათს, 17 აგვისტოს, 16:50-ზე, დუბლინის საკონფერენციო ცენტრის პრეს-რუმში. ინტევიუ ათი წუთის ნაცვლად ოცდახუთი წუთი გაგრძელდა და მას მისი ორი ასისტენტიც ესწრებოდა. შემდეგ იყო ინტერვიუ:  „ყინულისა და ცეცხლის სიმღერაში“ უამრავი საინტერესო პერსონაჟი შექმენით, აიგივებთ თუ არა თქვენს თავს რომელიმე მათგანთან? ხშირად მინდება იმის თქმა, რომ მე ვარ ჯონ სნოუ, ჰეროიკული ახალგაზრდა ლიდერი, უშიშარი და ქარიზმატული. თუმცა ტირიონ ლანისტერი უფრო მინდა ვიყო. საკმაოდ სახალისო იყო ტირიონის მონაკვეთების წერა, განსაკუთრებულად ვაფასებ მის ინტელექტს და ენამახვილობას, მაგრამ მისი ენამახვილური ფრაზების წერას კვირებს ვანდომებდი, ასე რომ, რეალურ ცხოვრებაში მის გონებამახვილობასთან ალბათ ახლოსაც ვერ მივალ. ისე კი, სინამდვილეში ალბათ უფრო სამუელ ტარლი ვარ. დიალოგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენს საგაში. მისი მაგიაც და წარმატების მიზეზიც რაღაც თვალსაზრისით უფრო მეტად დიალოგები მგონია. ხალხი ამ შოუს მხოლოდ ბრძოლის სცენების გამო არ უყურებს. მაყურებელი ყოველთვის დაძაბული ისმენს თქვენს დიალოგებ, რადგან მათი უმეტესობა ირონიითა და სარკაზმითაა სავსე. რეალურ ცხოვრებაში თუ ხართ სარკასტული და ირონიული მიმდინარე მოვლენების მიმართ?  არ ვიცი, სარკასტული ვარ? (ასისტენტს ეკითხება. - უფრო ირონიული, მაგრამ საერtო ჯამში მხიარული, -პასუხობს ასისტენტი) ჩემი კარიერა მოთხრობებისა და რომანების წერით დავიწყე 70-იან წლებში. 1971 წელს პირველად გაიყიდა ჩემი ნაწარმოები. 15 წელი ვწერდი ლიტერატურული ნაშრომებს, 80-90-იანების შუა წლებამდე. შემდეგ ვიმუშავე ჰოლივუდში, ვითანამშრომლე ორ სხვადასხვა სატელევიზიო შოუსთვის ‘’ურჩხული და მზეთუნახავი’’ და ‘’ბინდის ზონა’’. მომდევნო 5 წელში გადავწყვიტე საკუთარი საპილოტე სცენარები განმევითარებინა და ამგვარად გამომემუშავებინა შემოსავალი. ჰოლივუდში გატარებული 10 წელი ძალიან დამეხმარა დიალოგის დახვეწაში. როდესაც მუშაობ სცენარზე, მათ შორის სატელევიზიო შოუსთვის, დიალოგს თხრობის საკმაოდ დიდი ნაწილი უკავია. საუბარი უნდა იყოს ლაკონური და გასაგები, მსახიობმა გრძელი, ორგვერდიანი მონოლოგით არ უნდა მოაწყინოს მაყურებელს თავი, ამიტომ გამოვიმუშავე უნარი რაც დინამიური დიალოგის შესაქმნელად არის საჭირო. თითოელ პერსონაჟს მისი საკუთარი ხმა უნდა ჰქონოდა, რადგან ყოველ პერსონაჟს განსხვავებული წარმოშობა, გარემოებები, ინდივიდუალიზმი და საუბრის სტილი აქვს. ამ გამოცდილებით დავიწყე მუშაობა სამეფო კარის თამაშებზე. უკვე ბევრი რამე მქონდა გამოვლილი და ნასწავლი ჰოლივუდში და ეს გამოცდილება დამეხმარა უკეთესი დიალოგების წერის ტექნიკა განმევითარებინა. თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვით აღგვიწეროთ რა განსხვავებაა წიგნზე და სცენარზე მუშაობს შორის?  ეს ორი სხვადასხვა  გამოხატვის საშუალებაა, და თითოეულს თავისი სისუსტე და ძლიერი მხარე აქვს. რომანზე მუშაობისას, პერსონაჟის სიღრმეში შედიხარ, სადაც საკუთარი აზრის დაფიქსირება შეგიძლია. რაც შეეხება ‘’სამეფო კარის თამაშებს’’, ვცდილობ მოვლენებს გვერდიდან, როგორც მესამე პირმა შევხედო. შეგრძნებებს უზარმაზარ სამუშაო ტილოზე ვანაწილებ, მთავარი სათქმელის მატარებელი რამდენიმე პერსონაჟი მყავს, რომლებსაც სხვადასხვა მომენტში ვიყენებ. როდესაც ტირიონის მონაკვეთზე ვმუშაობ, ამ დროს მის თავში ვარ, არა მხოლოდ მისი თვალებით ვხედავ, მესმის და ვმოქმედებ, არამედ ვფიქრობ მასავით, და მოვლენებზე ვრეაგირებ იმის მიხედვით, თუ რას იგრძნობდა ამა თუ იმ მომენტში. ეს შინაგანი პროცესია, რაც სატელევიზიო შოუზე მუშაობისას იშვიათად ხდება. ვიდეო კამერა მოქმედი პირის გარეგან მხარეს გვიჩვენებს, და არა იმას თუ რა ხდება მის ტვინში. მაგალითად, თუ პერონაჟი იტყუება, ტექსტში შემიძლია დავწერო, ტირიონმა ესა და ეს თქვა, თუმცა იტყუება. როდესაც ამ ყველაფერს ეკრანზე ხედავ, არ იცი მისი გულისთქმა. ღმერთი ვარ, როდესაც წიგნს ვწერ, შემიძლია ის მოვიმოქმედო, რაც მომესურვება, საბოლოო გადაწყვეტილება ჩემზეა დამოკიდებული. სატელევიზიო შოუ თანამშრომლობაზეა დაფუძნებული, რასაც დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. უარყოფითი მომენტია, როდესაც სტუდია ჩემს გადაწყვეტილებას არ იწონებს, თუ რეჟისორი არ მეთანხმება, მონაკვეთის გადაკეთება მიწევს, შეიძლება ჩემი სისწორე დვამტკიცო, შეიძლება ვერ, სწორედ ამ დროს მიდის შემოქმედებითი განხილვა. სხვა მხრივ, უამრავი დადებითი ასპექტი აქვს, არაერთი დეტალია რაზეც აღარ უნდა ვიღელვო, თუ წიგნში პერსონაჟის ჩაცმულობა დეტალურად უნდა აღვწერო, რათა მკითხველმა ნათლად დაინახოს რა აცვიათ მათ, სტუდიასთან თანამშრომლობისას, კოსტიუმის დიზაინერი გვყავს, რომელიც დიდ შრომას ჩადებს თითოეულის შესამოსად. ბრძოლის სცენაში, უნდა აღვწერო პერსონაჟების მოძრაობა, ნაბიჯი, გავხადო მოქმედება დრამატული, ისე რომ მკითხველი ბოლომდე იყოს ჩაფლული, ნერვიულობდეს გაურკვევლობის მოლოდინში. ამ შემთხვევაშიც, გვყავს ტრიუკების კოორდინატორი, რომელიც აღმაფრთოვანებელ საბრძოლო სცენას დადგამს. შემდეგ მოდის სპეცეფექტები, დეკორაციები, და ასე გრძელდება სია უსასრულოდ. ასე რომ, რომანის წერისას, ეს ყველაფერი მწერლის საზრუნავია, და ლიტერატურა ყოველთვის ჩემს პირველ სიყვარულად დარჩება. ვაფასებ, რომ სწორედ ამ დასაწყისმა მომიყვანა აქამდე. შესაძლოა, პერიოდულად ვიმუშაო ფილმზე ან რაიმე სატელევიზიო შოუსთვის, მაგრამ წიგნი არის ის, რასაც ძირითად დროს დავუთმობ და ყოველთვის დავუბრუნდები. საქართველოში სამეფო დინასტია - ბაგრატიონები გვყავს.    მართლა?  დიახ. არ გსმენოდათ ამაზე?  არა...  საქართველოში უამრავი მკითხველი გყავთ და მათ ნაწილს აინტერესებს, ფონეტიკური მსგავსების გარდა რაიმე კავშირი ხომ არ აქვთ ერთმანეთთან ბარათეონებს და ბაგრატიონებს?  ვშიშობ, რომ არა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს სიტყვა მანამდე სადმე შემხვედროდა, რადგან ისტორიას ხშირად ვკითხულობ.  მე ვწერ ფენტეზის, რომელიც ისტორიაზეა დაფუძნებული. განსაკუთრებით შუა საკუნეების, უფრო კონკრეტულად ინგლისის, შოტლანდიის, ირლანდიის და საფრანგეთის ისტორიას ვკითხულობ. მხოლოდ ამ ლიტერატურულ მასალას ვფლობ. თუმცა საინტერესო იქნებოდა ინფორმაციის მოძიება თუ როგორი იყო აღმოსავლეთ ევროპა შუა საუკუნეების ეპოქაში. მე-19, მე-20 საუკუნეებით ნაკლებად ვარ დაინტერებული, მირჩევნია შუა საუკუნეების ეპოქა, სადაც უამრავი კონტრასტია, პიროვნების დრამატულობა და სიღრმე. სამწუხაროდ, მხოლოდ ინგლისურად შემიძლია საუბარი, აღმოსავლეთ ევროპაზე კი თითქმის არ მხვდება ინგლისური თარგმანები, თორემ მათგანაც დიდი სიამოვნებით მოვიპარავდი რამეს. დრამატურგიაში არსებობს კანონები, რომლებიც თითქმის არასდროს იცვლება. მწერლები იშვიათად მიმართავენ სტრუქტურასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს. თუ კონვენციური სტრუქტურის მიხედვით მთავარმა გმირმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, იმისათვის რომ „გადარჩეს“,  თქვენთან ყველა ვინც სწორად იქცევა - კვდება.  ვერ ვიტყოდი, რომ ეს მთლად მასეა. იმისათვის, რომ გაიგო ვინ გადარჩება და ვინ მოკვდება, წიგნის დასასრულს უნდა დაელოდო. თუმცა მაინც არაკონვენციურ სტრუქტურას მიყვებით.  მართალია. ჩვენ ისეთ წიგნებს, როგორი წიგნების კითხვაც მოგვწონს. მე მომწონს არაპროგნოზირებადი ისტორიები. დღესდღეობით უამრავი რამ იწერება, და მეც მიგზავნიან თითოეულ ფენტეზს, რაც გამოიცება, შესაძლო საგამომცემლო ანოტაციის გასაკეთებლად. ვკითხულობ შესავალს, პირველ რამდენიმე თავს, ვვარაუდობ როგორ გაგრძელდება ისტორია, შესადარებლად მიმოხილვას ვეცნობი და ხშირად ემთხვევა ჩემს წინასწარმეტყველებას. ეს ჩემთვის მოსაწყენია, მომწონს სიუჟეტის მოულოდნელი შემოტრიალება. ცხოვრება არაპროგნოზირებადია, ასე რომ მინდა, რომ წიგნებიც არაპროგნოზირებადი იყოს. მეც ამის მიღწევას ვცდილობ საკუთარ ნაწარმოებებში. ეს ნამდვილად იგრძნობა თქვენს ნაწერში. ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ დასრულების შემდეგ ჰორორის ჟანრის რომანის დაწერას აპირებდით, მართალია?  მართლა ვახსენე? დიახ, რამდენიმე წლის წინ. შესაძლოა აზრი შეიცვალეთ, მაგრამ მაინც მაინტერესებს. მე ყოველთვის ვწერ იმას, რასაც კონკრეტულ დღეს ვგრძნობ. პირველ რიგში, ‘’ყინულისა და ცეცხლის სიმღერა’’ უნდა დავასრულო. შემდეგ სხვა უამრავი გეგმა მაქვს, ტარგარიანების ისტორია- ‘’ცეცხლი და სისხლის’’ მეორე ნაწილი, დავწერე სამი მოთხრობა „Dunk and Egg”-ისთვის, რასაც კიდევ რვა-ათი მინდა შევმატო, ასევე მაქვს დაუსრულებელი რომანი, რომელიც მანამ დავიწყე სანამ სატელევიზიო შოუებით დავკავდებოდი - 200 გვერდი 80-90იანი წლების ნიუ იორკზე, ასევე ვგეგმავ ვამპირის ისტორიის გაგრძელებას, შესაძლოა ‘’ათას სამყაროს’’ მივუბრუნდე. რომელ ერთს გადავწყვეტ, ამაზე პასუხი არ მაქვს, გააჩნია რა ხასიათზე ვიქნები, დაახლოებით 2023-25 წლებში, ან როგორი იქნება სამყარო იმ დროს. როდესაც ‘’ყინულისა და ცეცხლის სიმღერის’’ წერა დავიწყე, მეგონა ეს მხოლოდ ტრილოგია იქნებოდა, მასზე მუშაობას კი 2000 წელს დავასრულებდი, და აი, 19 წლის შემდეგ ისევ მეექვსე ნაწილზე ვმუშაობ, ამიტომ მიჭირს რაიმეს წინასწარმეტყველება. გაქვთ თუ არა საყვარელი მიმართულება ჟანრული ლიტერატურიდან?  არა, ბავშვობიდან მრავალი მიმდინარეობა მომწონდა: ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა, საშინელებათა ჟანრიც. უამრავ რამეს ვკითხულობ, ისტორიულ ლიტერატურას, მისტიკას, ასევე მნიშვნელოვან ლიტერატურულ ნაწარმოებებს. ასე რომ, ვინ იცის რა ჟანრში მომინდება წერა, შეიძლება ეს დეტექტივიც აღმოჩნდეს?! წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რაიმეს თუ შეცვლიდით თქვენს კარიერაში?  საინტერესო კითხვაა, ყველაფერი საკმაოდ კარგად წარიმართა, რადგან არავინ იცის, შესაძლოა პატარა დეტალის შეცვლამ მოვლენების გადატრიალება გამოიწვიოს. ჩემი მეოთხე რომანი „Armageddon Rag“ ნომინირებული იყო მსოფლიოს ფენტეზის დაჯილდოებაზე და საკმაოდ კარგი კრიტიკა ჰქონდა. თუმცა გაყიდვები ჩავარდა, არავის უნდოდა მისი ყიდვა, რამაც ფაქტობრივად ჩემი, როგორც ნოველისტის კარიერა დაასრულა. ალბათ ერთის მხრივ სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდი, რომ ამ წიგნს არ დავწერდი და სხვა რამეს დავწერდი, რაც უკეთ გაიყიდებოდა. რომ მცონდოდა რა წარმატებას მომიტანდა ‘’სამეფო კარის თამაშები’’ ალბათ სწორედ მას დავუთმობდი დროს, შესაბამისად, გამოვაქვეყნებდი 1984 წელს, რაც საეჭვოა ასეთი წარმატებული ყოფილიყო იმ დროისთვის, სრულიად განსხვავებულ ეპოქაში. ფენტეზის სრულიად სხვა ადგილი ეკავა იმ დროში, და შესაძლოა მარცხით დასრულებულიყო. ასე რომ, კმაყოფილი ვარ ყველაფრით როგორც წარიმართა- მქონდა წარმატებული, როგორც წარუმატებელი მომენტები. თუმცა ბედნიერი ვარ იმით, სადაც ახლა ვარ. რა უნდა აიცილოს თავიდან მწერალმა ფენტეზის სამყაროს შექმნისას?  ყველა საკუთარ სამყაროს ქმნის. ჩემს შემთხვევაში, მე ტოლკინის გავლენა მაქვს. ჩემს სამყაროში ნაკლები მაგიაა. ამიტომ ჩემგან ლოგიკური იქნებოდა მეთქვა, ბევრი მაგია არ შემოიტანოთ ფენტეზი სამყაროში. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბევრი მაგია მოსწონთ: შელოცვა, ჯადოქრები. სამყაროს შექმნისას მთავარია სიფრთხილე, თანმიმდევრულობის დაცვა, დეტალები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. არის წიგნები, სადაც ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი, მაგალითად ‘’ნარნია“. მე უაზრობად მეჩვენება მსგავსი სამყარო, სი ეს ლუისს იქ ჰყავს მოლაპარაკე ცხოველები და ამათთან ერთად იქ გვხვდება, რაინდები, ხმლები, დედოფლები და ქრისტიანული რელიგიაც. თუმცა მილიონობით ადამიანს მოსწონს ეს. მე მათ შორის არ ვარ, თუმცა მაინც. მხოლოდ ის ვიცი რა მომწონს მე, და რა მოსწონს ჩემს მკითხველს. არის რომელიმე ნაწარმოები, რომლის ავტორიც სიამოვნებით იქნებოდით?  სხვათაშორის ახლახან ვახსენე, არის ასეთი, ლუის შაინერის ნაწარმოები ‘’ედემის კარიბჭის მიღმა’’, ეს არ არის ფენტეზი ან სამეცნიერო ფანტასტიკა, ეს არის 60-იანი წლების თაობის ისტორია, თუ რა გამოიარეს ახალგაზრდებმა ვიეტნამის ომის დროს, მათ შორის, ვუდსტოკი, როკ ენ როლი. დაახლოებით ამ ისტორიის მოყოლას ვცდილობდი  „Armageddon Rag-ში”, მაგრამ ლუიმ ამას უკეთესად გაართვა თავი, შესანიშნავი წიგნია, ანოტაციაში დავწერე, რომ ვისურვებდი თავად დამეწერა ეს ნაწარმოები, საინტერესო იქნებოდა HBO-ს მინი სერიები რომ გადაეღო მისი მიხედვით. ეს არის ისტორია ჩემი თაობის შესახებ, ყველა თაობას საკუთარი ისტორია აქვს. არსებობს თაობა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა, შემდეგნი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ჩვენ დროს, ამ შემთხვევებმა განსაზღვრა ჩვენი ცხოვრება. სხვა ჟანრშიც არა ერთი წიგნი მომწონს, მაგალითად ‘’დიდი გეთსბი’’, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი, მაგრამ არა მგონია ფიცჯერალდს მის წიგნზე ჩემი სახელის მიწერა ესურვა. თქვენს მოთხრობაშია, With Mornings comes mistfall...  ჰო, ეგ ჩემი პირველი ჰუგოს ნომინანტია მოთხრობაა და პირველი ჰუგოს დამარცხებულიც. ჰო, მახსოვს, თქვენ გამოიგონეთ ჰუგოზე დამარცხებულთა წვეულება.  მე და გარდნერ დოზოამ, 1976-ში. მაგ წელს ორ ნომინაციაში დავმარცხდი ჰუგოზე. გარდნერი ერთ ნომინაციაში დამარცხდა. გადავწყვიტეთ დამარცხებულთა წვეულება მოგვეწყო. ისევ მოთხრობას, რომ დავუბრუნდეთ, იქ ვხედავთ, როგორ ცდილობენ კორპორაციები ყველაფერი საკრალურის და პოეტურის განადგურებას, რაციონალიზმის და განათლების სახელით. ეს თქვენი პოლიტიკური ხედვაა თუ პერსონაჟის დამოკიდებულება? ამ ნაწარმოების დაწერა რეალურმა ექსპედიციამ შთამაგონა, რომლის მიზანიც ლოხ-ნესის მონსტრის აღმოჩენა იყო. 70-იანებში, შოტლანდიაში, ლოხ-ნესის ტბაზე ვიყავი. ვცდილობდით აღმოგვეჩინა მართლაც თუ ბინადრობდა ურჩხული ამ ტბაზე. სინამდვილეში ეს იდეა დიდად არ მომწონდა, რადგან მისი არსებობა, რომც დამტკიცებულიყო ეს ადგილი დაკარგავს თავის მაგიას. ყოფილხარ ლოხ-ნესის ტბაზე, შოტლანდიაში? არა... მთიანეთი ჩრდილოეთ შოტლანდიაში ულამაზესია, და მის გარდა არა ნაკლებად შთამბეჭდავი ტბებია, როცა მხოლოდ ეს ერთი ტბა იმსახურებს მილიონობით ადამიანის ყურადღებას, რადგან მათში არ ბინადრობს ‘’ურჩხული’’. მანამ სანამ ჯადოსნობის იმედი არსებობს, ტურიზმიც იმუშავებს, ისინი იყიდიან სუვენირებს, მიირთმევენ ადგილობრივ რესტორნებში, ესტუმრებიან მუზეუმებს. თუ ისინი გადაცურავენ ტბას და აღმოაჩენენ რომ ის არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ჩვეულებრივი გახდება, სწორედ ამან შთამაგონა, სადაც იგივე სათქმელს გადმოვცემ. ვფიქრობ, ჩვენს სამყაროში ლეგენდების, მისტიკის და ჯადოსნობის ადგილი. უნდა გვქონდეს რაღაც, რის შესახებაც კითხვებს დავსვამთ, დავფიქრდებით.  ამ ყველაფრის დაკარგვა არ უნდა დავუშვათ. ... ინტერვიუს ბოლოს „სატახტოთა თამაშების“ ქართული გამოცემა ვანახე, დაეტყო, რომ ძალიან აღფრთოვანდა: „შეხედეთ, რა საოცარია.“ თქვა მან, როცა ქართულ სათაურს დახედა. წამოსვლის წინ ჰუგოზე დამარცხებულთა წვეულებაზე დამპატიჟა, ორკაციანი მოსაწვევი მომცა და ერთმანეთს დავემშვიდობეთ - იმ იმედით, რომ მომავალ წელს, ახალ ზელანდიაში კიდევ ერთხელ გადავეყრებით. ინტერვიუ ჩაიწერა და "აიპრესისთვის" მოამზადა ზაზა კოშკაძემ