გგონია, რომ იმ სახლში შენ ცხოვრობ, იმ ეზოში შენ სეირნობ, შენს ეზოში მოთოვა და შენი კარალიოკები დარჩა ზამთარში დაუკრეფავი. ის ჭიშკარიც შენია, გააღებ და შეხვალ... იასამნებმაც შენ ბაღში იხარა ამ გაზაფხულზე...
მხატვარ გურამ ხეცურიანის გამორჩეული სტილი და ტილოზე გაცოცხლებული მოგონებები თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე "ბრენდია". უყურებ და გგონია, რომ ის ნახატი შენთვის შეიქმნა და შენი ცხოვრების ეპიზოდია ტილოზე გადმოსული... ჩვენი რუბრიკის "ამბები ადამიანებზე" სტუმარი ყველაზე ლამაზი სახლების და ჩვენი ბავშვობის მოგონებების მხატვარი გურამ ხეცურიანია.. ინტერვიუების მიცემა  არ უყვარს, მაგრამ რადგან არც ჩვენ გვიყვარს უარის მიღება, ამიტომ  ეს შეხვედრა მაინც შედგა...     გურამ, როგორ გამოგდის დახატო სახლები, რომელიც ყველას თავისი ჰგონია? მართლა მასეა? ბევრს უთქვამს, მაგრამ თქვენ ალბათ უკეთ იცით, ინფორმაციების მოპოვება თქვენი საქმეა... ძალიან მიხარია, თუ მასეა... მიყვარს ხოლმე  ქალაქგარეთ გასვლა მანქანით და სულ ვცდილობ, რაღაც დავიმახსოვრო. გავაჩერებ მანქანას, უკან ვბრუნდები  და რაც მომეწონა ვაფიქსირებ. თუ დააკვირდებით, არცერთი სახლი არ ჰგავს ერთმანეთს. სახლების ხატვის პროცესში, მომინდა, მომინდა შესვლა ამ სახლებში და დავიწყე შიდა სივრცეების ხატვა. ყველა თავის სახლს ამგვანებს. ნახატი თუ დადებით ემოციებს იწვევს, ესეიგი ნახატი მუშაობს. ბავშვობის დროინდელ მოგონებებს ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი? არა, ამბავს ვერ მოვიგონებ და ვერ ვიტყვი, რომ მასეა... თუმცა, ზაფხულობით მიყვარდა სოფელში ჩასვლა და ახლაც მიყვარს იქაური სახლებიც.   თანამედროვე მხატვრობაში არის ასეთი ტენდენცია, აუცილებლად შენი მიმართულება უნდა გქონდეს, თუ გინდა, რომ  თავი დაიმკვიდრო. ხვალ  სხვა რაღაცეების ხატვა რომ  დაიწყო, ასეთივე წარმატებები გექნება? შემთხვევით არაფერი ხდება და ჩემგან ეს არ დაგეგმილა. რაღაც ეტაპის მერე, იწყება სხვა ეტაპი და თავის დამკვიდრება თავისით, ავტომატურად ხდება. ხვალ რომ გადავწყვიტო რაღაც სხვა გავაკეთო, ესეც შესაძლებელია, მაგრამ ეს მე უნდა მომინდეს, არა იმიტომ რომ რაღაცის შეცვლაა საჭირო... თავისით მოხდება ეს ყველაფერი თუ საჭიროა... დიდი ხანი დაგჭირდათ ადგილის დასამკვიდრებლად? ქართული მხატვრობა საკმაოდ მოთხოვნადია და დიდი პოპულარობით სარგებლობს  სხვა ქვეყნებშიც.  რა სჭირდება ამ კონკურენციის გარღვევას? ერთ ცნობილ მხატვარს ვკითხე, ახლა რომ დაიწყეს თქვენი ნახატებით აღფრთოვანება, აქამდე სად იყო ეს ხალხი-თქო და პატრონი არ მყავდაო... იცით, ძალიან გულწრფელად გეტყვით, არანაირი მეთოდი არ გამაჩნია და არც მინდა, რომ გამაჩნდეს იმისთვის, რომ რაღაც ბრძოლებში შევიდე. შეიძლება ვიჯდე და ვხატო მაგრამ, მარკეტინგის საკითხებზე წარმოდგენა არ მაქვს. ისინი, რომლებსაც შეუძლიათ ამ სფეროში მხატვარი უხეშად რომ ვთქვათ „გაქაჩონ“, ძალიან საჭირო ხალხია, მაგრამ რას გაქაჩავენ თუ არ ზიხარ და არ ხატავ?! დამკვიდრებისთვის და წარმატებისთვის,ჩემი ერთადერთი გზა არის მუშაობა. დანარჩენი ხდება ავტომატურად. ისეთი აქტიური მე არ ვარ, რომ იქით ვეძებო, ხანდახან კარზე მომიკაკუნებენ. მე უნდა ვიჯდე და ვხატო, მაშინ ვარ ბედნიერი. თუმცა მყავს მეგობრები, რომლებიც ჩემს მაგივრად აკეთებენ რაღაცას ამ კუთხით.   გქონიათ ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა გითქვამთ -  მორჩა, არ მინდა! აღარ დავხატავ! კი როგორ არა,  ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, შეიძლება რაღაც არ გამოგივიდეს და გაბრაზდე, მეორე დღეს მოხვალ ყავას დალევ, სიგარეტს მოწევ და გააგრძელებ ხატვას! აბა რა! რა სისულელეა! ამბობენ, რომ ყველა მხატვრის ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც მას სტიმულს აძლევს კიდევ უფრო ფართოდ გაშალოს ფრთები...  თქვენს შემთხვევაში როგორ არის? სიმართლე გითხრათ, ჩემს შემთხვევაში, არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება, რომ  ვინმე პიროვნებას მოეცა ჩემთვის სტიმული ვხატო, ან არ ვხატო. თავისით მოვიდა ეს ყველაფერი და ვაკეთებ. ჩემი სტიმული არის ყოველდღიურობა... ყველაზე კარგი სტიმული კი ისაა, ნახატი თუ  მომეწონება, რაც მომდევნო ნახატისთვის დიდი სტიმულია. უფრო ბედნიერი მივდივარ სახლში, უფრო გაღიმებული ისეთი ნახატებიც გაქვთ, რომლებიც  არ მოგწონთ? რამდენიც გინდათ...   რას უშვრებით ამ ნახატებს? არაფერს. მაქვს. ყველა ერთი დონის ხომ არ იქნება. ყველაზე კარგი ის იქნება, რომ მომდევნო ნახატი წინაზე უკეთესი იყოს. დავუშვათ, დღევანდელი ნახატი ჩრდილავს წლების წინანდელ ნახატს, ეს მომწონს, ახალმა თუ ძველი მოკლა, ეს ჩემთვის კარგია, თუ ამას მივაღწევ. ასე თუ გაგრძელდება, კარგი იქნება. ადამიანებს რატომ არ ხატავთ? სახლებში შუქი ანთია, აშკარად ადამიანები არიან შიგნით, მაგრამ სახეები არ ჩანს... ასეთ ნახატში, ადამიანი გააფუჭებს ყველაფერს. ანუ ეს დაკარგავს მთელ აზრს. თუკი ნახატი ამბობს, რომ იქ რაღაც არის და რაღაც ხდება, ესე იგი სხვა ფიგურა ზედმეტია. იყო პერიოდი, როდესაც ვხატავდი ადამიანებს, თუ მომინდება ახლაც დავხატავ, გაწერილი გეგმა არ მაქვს, რატომ უნდა დავხატო, ან რატომ არ უნდა დავხატო. თქვენ სამხატვრო აკადემია გაქვთ დამთავრებული... ალბათ ძალიან დიდი გავლენა აქვს არა, ლექტორებს მომავალი მხატვრის ცხოვრებაზე? ჩემმა ერთმა რესპოდენტმა მითხრა, ჩემი მასწავლებლისთვის რომ დამეჯერებინა, ფუნჯი ხელში აღარ უნდა ამეღოო... დღეს, ის საკმაოდ ცნობილი მხატვარია. თუ სიმართლეს ამბობს, უნდა დაუჯერო და თუ იმიტომ ამბობს, რომ მეტიჩრობს, ეგ სხვა თემაა. მე არ მყოლია ასეთი ლექტორი. ჩემმა ლექტორებმა პირველ რიგში მომცეს სიყვარული ამ საქმის მიმართ. გავლენა სხვა თემაა. აკადემიიდან რომ წამოვედი, იმის შემდეგ ვარ სახელოსნოში და ვხატავ. მთავარია რას მიიღებ ლექტორისგან, ძველმოდურს თუ თანამედროვეს, შეგიძლია გაფილტრო ეს ყველაფერი. ზოგისთვის ლექტორი კატასტროფაა, ზოგისთვის - პირიქით. რომ ვუყურებ თქვენს ნახატებს, ეს დათოვლილი, ჩამონგრეული  სახლები,  თითქოს ძველ მოდურია მაგრამ  ძალიან მოსწონს თანამედრობვე თაობას... როგორ ახერხებთ ამ სინთეზს? მაგას სულ სხვა რაღაცას ვაბრალებ, ოღონდ, რამდენად მართალი ვარ არ ვიცი. რაც არ უნდა ეხატოს, თუ არ იტყუები და ყალბი არ არის, რატომღაც გამოდის ისეთი, როგორიც გამოდის და მოსწონს ყველას. იმიტომ არ აკეთებ რომ მოდის ტენდენციას აყვე. თუ ასე გავაკეთე, ის არ იქნება ჩემი ანუ, არის სიყალბე მხატვრობაში? ვერავის მოატყუებ, შეიძლება საკუთარი თავი მოატყუო, რომ ვიღაცას ეს მოწონს, მაგრამ გამორიცხულია. აუცილებლად იგრძნობა სიყალბე ნახატში. მაგასაც ნიჭი უნდა, რომ ამ სიყალბემ წარმატება მოგიტანოს, ესეც დიდი ნიჭია. კარგი ნიჭია თუ ცუდი,  ამას მნიშვნელობა არა აქვს, შედეგია მთავარი. მხატვარს იღბალი სჭირდება, თუ მხოლოდ ნიჭზეა დამოკიდებული წარმატება? მხატვარს მხატვრობა სჭირდება და იღბალი ნიჭის გარშემო ტრიალებს, იღბალი ცალკე თემაა. ხატვაში არ ვგულისხმობ ფუნჯს და ტილოს, ნებისმიერი ფორმით გამოხატვა საკუთარი აზრის, ემოციის, მთავარია იგრძნო. იმიტომ არ უნდა დახატო უკრაინელი ბავშვი, რომ ბევრმა დახატა, თუ იგრძნობ კი ბატონო, უნდა გაითავისო და უნდა გინდოდეს ტილოზე ამის გადატანა. მოქმედებს მიმდინარე მოვლენები მხატვრობაზე? განწყობაზე მოქმედებს. შეიძლება აისახოს ეს ნახატებში, თუნდაც ერთ დეტალში? თუ გინდა ასახავ, თუ გინდა ააცილებ, საერთოდ, არ შეეხები. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ყველას ინდივიდუალური განწყობა აქვს. იცით რა, რომ ამბობენ  სტრესულ მდგომარეობაში დავხატეო, ასეთი  ნამუშევრების 50% მჯერა, 50% - არ მჯერა. თქვენზე მითხრეს, ცოტა უცნაური მხატვარია, მართლა ასეა? ზოგადად მხატვრები, რომ უცნაურები ხართ, ამას კი მივხვდი ინტრევიუების შემდეგ, მაგრამ მითია თუ მართლა ასეა, ბოლომდე მაინც ვერ გავიგე. პირდაპირ მინდა გკითხოთ, გაქვთ თქვენ უცნაურობები? უცნაურობა პირობითი ცნებაა და ასე პირდაპირ სახელს ვერ დაარქმევ. ჩემთვის უცნაურობა ყოველდღიურობაა, შეიძლება სხვამ რომ შემომხედოს, რაღაც ეუცნაუროს, მაგრამ ეს ჩემთვის ყოველდღიურობაა, ოღონდ ასეთი, არასტანდარტული. გარემო პირობებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს სხვისთვის უცნაური. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ვარ, მთავარია არავის არაფერი ვავნო... თორემ, ჩემს საქმეში უცნაურიც მე ვარ, დირექტორ-მოადგილეც მე ვარ და დამლაგებელიც მე ვარ. გაქვთ ისეთი ნახატი, რომელსაც არ გაყიდით არასდროს? ასეთი ფიქრები არ მომდის თავში. მე ვქმნი ამ ყველაფერს და მას არ უნდა დავემონო. პირიქით, უნდა მოვაშორო და უკეთესი გავაკეთო. ანუ, მე ვარ მისი უფროსი და არა ის ჩემი. „ვაიმე რა გავაკეთეს“ განცდა არ მაქვს, შეიძლება უკეთესი გავაკეთო,  ამის იმედი მაქვს. არ მაქვს ასეთი დამოკიდებულება ნახატების მიმართ. შეიძლება ავდგე და ჩემი საუკეთესო ნამუშევარი ვინმეს ვაჩუქო. თუ გქონიათ შემთხვევა, რომ აღარ გაგიყიდიათ ნახატი იმიტომ, რომ მყიდველი არ მოგწონებიათ?    რამდენჯერაც გინდა, პირველ რიგში, ჩემთვის მთავარია პიროვნებასთან დამოკიდებულება. სხვათა შორის, ფასიც სტანდარტულად ჩამოწერილი არ მაქვს და დამოკიდებულებიდან გამომდინარე ვეუბნები ინდივიდუალურად ღირებულებას, რაც იმაზეა დამიოკიდებული რა დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ, ნახატის მიმართ უფრო არ მადარდებს, მეც არ მომწონს ვიღაცების ნახატები და ვიღაცების ძალიან მომწონს. ზოგიერთ მხატვარს ისეთი ნახატი აქვს, რომ სასწაულია. ძალიან მნიშვნელოვანია მხატვრისთვის არის პერსონალური გამოფენა, ამ მიმართულებით მაინტერესებს თქვენი მიღწევები, სამომავლო გეგმები. რაღაც დროის განმავლობაში, საკმაოდ დიდი პრობლემა იყო პერსონალური გამოფენების  მოწყობა. მთელი რიგი ბიორუკრატიული ამბები იყო საჭირო. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო და რა გეგმები გაქვთ? ჩემთვის გამოფენა არის საანგარიშო კონცერტივით,  საბოლოოდ უნდა გაუზიარო საზოგადოებას ნამუშევრები, აბა რისთვის აკეთებ, მარტო  გაყიდვა არ არის. გამოფენებს ამიტომ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას. ბოლო გამოფენები მქონდა პანდემიამდე. პერსონალური გამოფენა ბოლოს მქონდა  ბერლინში.  აქ, საქართველოში, დიდი ხანია არ მქონია. აქ რომ ჩავთლი საჭიროდ გავაკეთო, გავაკეთებ, როცა მივხვდები რომ რაღაც ახალი უნდა წარვადგინო. აუცილებელია გამოფენა იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდრო, რომ ნახონ რას აკეთებ, მაგრამ რომ გითხრათ, ამის გარეშე მხატვრობა არ შეიძლება, ეს ასე არ არის.   ევროპელ და ქართველ დამთვალიერებლებს განსხვავებული გემოვნება და  შეფასების კრიტერიუმები აქვთ? საბედნიეროდ, აქაც და იქაც უყვართ და აინტერესებთ მხატვრობა. საქართველოში ძალიან შეიცვალა მიდგომები ბოლო პერიოდში. ადრეულ წლებში,  ვერ წარმომედგინა რომ ქართველმა შეიძლება ნახატი იყიდოს, მერე რომ დავფიქრდი, იქ უნდა დაიმკვიდრო სახელი, სადაც ხარ. ახლა უკვე,  ქართველი მყიდველი ყველაზე ძვირფასია ჩემთვის... იმიტომ ყიდულობს, რომ გაფასებს, უყვარხარ... ევროპაში შეიძლება მეტი წესრიგი იყოს რაღაც მხრივ, მოქცევის მხრივ.დიდი განსხვავებაც არ არის. ევროპაში ძირითადად ფოტოებით ყიდულობენ, შეცდომა არ შეიძლება. ფერები უნდა დაემთხვეს. არ უნდა შეცდე და არ უნდა მოატყუო. ბევრი მხატვრისგან გამიგია, რომ არ უყვართ შეკვეთებით ხატვა... არადა, ესეც თანმდევი პროცესია შემოქმედების, გენიალური მხატვრებიც კი იღებდნენ შეკვეთებს... თქვენ რა დამოკიდებულება გავქვთ ამის მიმართ? შეკვეთა შემდეგი რაუნდია და მადლობა რომ არის შეკვეთები... მაგრამ, ხანდახან არ გინდა რაღაცის გაკეთება, არის ასეთი მომენტიც... თუმცა,  არავინ გაძალებს. ყოფილა როდესაც უარი მითქვამს, რომ ამომივიდა ყელში. ყველაზე მნიშვნელოვანი შემფასებელი თქვენი ნახატებისა ვინ არის? მე. ყველას შეფასება მიხარია, წყენით არაფერი მწყინს, რაც არ უნდა მითხრან. პირველი შემფასებელი მაინც საკუთარი თავია. ასაკი არ აქვს მხატვრობას. ადამიანს სანამ რაღაც შეუძლია გააკეთოს, სულ ახალგაზრდაა. ანუ,  დიდი მისიების შესრულების პერიოდუ ჯერ კიდევ წინ გაქვთ... არ ვიცი, ამის ამბიცია არ მაქვს, ვერ ვიტყვი რომ მომავალი ჯერ კიდევ წინ არის, ეს ახლოსაც არ არის ჩემს ხასიათთან. რომ ამბობთ, მისიები არ მაქვს და  ჩემი ნახატების შემფასებელი მე ვარო, ეტყობა ამიტომაც ამბობენ თქვენზე - უცნაური მხატვარიაო... რაც არის იმას ვამბობ...მაშინ მოვიტყუები... ბევრჯერ ახსენეთ სიტყვა „ტყუილი“ და „სიყალბე“, როგორც ჩანს, ვერ იტანთ ტყუილს... დიახ მაღიზიანებს, როგორ ტყუილს ვერ ვიტან იცი, რომ ხვდები, რომ გატყუებს... ტყუილიც ხელოვნებაა, თუმცა მეც ვიტყუები რაღაც - რაღაცეებს ზოგჯერ... ტყუილის გამო ვინმე დაგიკარგავთ? გააჩნია ადამიანს და ტყუილის ხარისხს, მაგრამ არ მრცხვენია პირდაპირ ვუთხრა, ნუ მატყუებთ! უხერხულ სიტუაციაში ვაგდებ ხოლმე. ანუ, პირში მთქმელი ხართ? რას ვკარგავ, ან რას ვიგებ, არ ჯობია რომ პატიოსნად ვუთხრა, რას ვფიქრობ მასზე? ზოგადად, თუ მოგსვლიათ აზრად, რომ მხატვრობას რაღაცით ჩაანაცვლებთ სამომავლოდ, ან რაღაც ახალ საქმეს მოკიდებთ ხელს? მგონია არაფერი გამომივა ამაზე კარგად. არც არასოდეს მიფიქრია სხვა რაღაცა ვაკეთო, მეც ასე ვარ... ჟურნალისტობის გარდა არასდროს მიოცნებია სხვა პროფესიაზე... ესეიგი საკუთარი პროფესია იდეალურად გაქვთ მორგებული. თქვენი თაობის ქართველ მხატვრებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? ბევრი მხატვარი მეგობარი მყავს, კარგი ურთიერთობა მაქვს, კონკურენტებად მათ არ ვგულისხმობ საერთოდ. შეიძლევბა არიან კონკურენტები, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას   ოჯახში თქვენს გარდა ხატავს ვინმე? მამაჩემი იყო ხატმწერი. მეტი არავინ ხატავს და არც გამიგია რომ ოდესმე ხატავდა, მარტო მე ვარ ასეთი და არც მინდა ვინმე ხატავდეს კიდე. ძალიან მიყვარს მხატვრობა და როდესაც სხვა ქვეყანაში ვმოგზაურობ ყველაფერს ვნახულობ, მუზეუმებს  ვათვალიერებ.  როდესაც პირველად დეგას ბალერინები ვნახე, ემოციებისგან თავი ამტკივდა, მეგონა რომ ჩემს გარშემო მართლა ცეკვავდნენ. ასეთი მხატვარი თუ გყავთ, რომელზეც მართლა გიჟდებით? რამდენიც გინდა, ძალიან ბევრი მხატვრის, ძალიან ბევრი ნსხატები მომწონს, დიდი ტიტანი მხატვრებიდან დაწყებული, მეორე ხარისხოვან მხატვრებით დამთავრებული. მათ შორის ქართველი მხატვრებიც, ძველები და ახლებიც. ყველა ნახატს თავისი ვიღაცა ჰყავს   მე მგონი, სეზონებიდან ყველაზე მეტად ზამთარი გიყვართ... ისეთ საოცარ თოვლს ქმნით... მხატვრობას რომ დავანებოთ თავი, თოვლი მიყვარს. ვგუჟდები ისე მიყვარს. ზაფხულში ცხელა და არ მიყვარს, შემოდგომაც მიყვარს. სტაფილოსფერ, იასამნისფერ სახლებს, რომ ხატავდით, ხომ არ რისკავდით არაბუნებრივი ფერების გამოყენებით? არა, საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ ვრისკავდი, მომეწონა ეს ფერი და მორჩა. იცით, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არასოდეს არავისთვის  ხატავთ... სწორად მიხვდით...ეს ცუდია თუ კარგია, არ ვიცი, მაგრამ ასეა. ჩემთვის  ვხატავ, მაგრამ ყველას ვაჩვენებ, ანუ კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს ნახატს, მე ვარ ადრესატი. არ ვიცი ეს უხეშად გამომდის თუ არა, მაგრამ ხომ არ მოგატყუებთ, არა? ადამიანის ემოციებიც გამახსოვრდებათ, როდესაც მიაქვთ თქვენი ნახატი? ზოგი გამოხატავს ზოგი არა. ყველაზე უცნაური რისი დახატვა მოუთხოვიათ? ძეგლის. სკვერში იდგა და უნდა დამეხატა მარტო ძეგლი. უარი ვუთხარი, შეიძლება კარგია ძეგლის ხატვა, მაგრამ მე არ მინდოდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ თქვენ ხართ ყველას ბავშვობის სახლების მხატვარი, მე ასე შეგარქვით.   არ ვარ მაგ სახელის წინააღმდეგი, მთავარია რომ თქვენ მასე დაინახეთ...