რთული გამოწვევის წინაშეა უკრაინა - აღმოჩნდება თუ არა ქვეყანა ომის წინაშე, ეს მთავარი შეკითხვაა, რომელიც მთელ მსოფლიოს აწუხებს. მსოფლიო ყურადღებაც მისკენაა მიპყრობილი, თუმცა რატომღაც საქართველოში განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ ამ თემას. ეს ხდება ქვეყანაში, რომელმაც რუსეთის თავდასხმა საკუთარ თავზე გამოსცადა და ეს მოხდა ამ საუკუნეში. 2008 წლის აგვისტოს ომის გაკვეთილები, როგორც ჩანს ყველას განსხვავებულად ესმის.
რატომ არ ისმის საქართველოს ხელისუფლების ხმა გარკვევით და რამდენად იყო ოპოზიცია მოწოდების სიმაღლეზე ამ თვალსაზრისით? - ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საუბრობს: _ საკმარისია ის მხარდაჭერა, რასაც საქართველო იჩენს უკრაინის მიმართ? ჯერჯერობით მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის „ტვიტი“ ვნახეთ. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? _ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია აბსოლუტურად გაუგებარია. როგორც ჩანს არგაღიზიანების პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ უნდა გაისუსოს. რეალური საფრთხე აქვს შექმნილი უკრაინის სუვერენიტეტს და ამას ვხედავთ. რეალურად რუსეთის ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი რაც შეიძლება იყოს, ეს არის სწორედ იმის გააზრება, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის საქართველოს და უკრაინის არჩევანს და რომ მყარად ვართ ამ არჩევანში, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად სტრატეგიული პარტნიორი უნდა იყოს და შეიძლება ითქვას, რომ ორგანული გაგრძელება უნდა იყოს, რასაც აშკარად ვერ ვხედავთ დღეს. _ ცოტა ხნით გვერდზე რომ გადავდოთ ის, რომ შემდეგი სამიზნე შესაძლოა საქართველო გახდეს და ამას ვერ აცნობიერებს ხელისუფლება. ამას გარდა როდესაც მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული ჩვენი რეგიონი, შესაძლებლობას ხომ არ უშვებს ინერტულობით საქართველოს ხელისუფლება? _ ცხადია, რომ ეს არის შესაძლებლობის ხელიდან გაშვება. იმიტომ, რომ ეს კრიზისი უნდა გამოვიყენოთ როგორც კიდევ ერთი შეხსენება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ სანამ ჩვენი ნატოში გაწევრიანება არ გადაწყდება, წერტილი არ დაესმევა იმას, რომ დესტაბილიზაცია მოახდინოს რეგიონში. როდესაც საუბარია ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ამისთვის აუცილებელია ის, რომ გადაწყდეს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი. ამის შემდეგ ვითარება შეიცვლება. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა. ამის ნაცვლად, რომ ხელისუფლების პასუხი არის მაქსიმალური პასიურობა - საქართველოს გაქრობა საერთაშორისო სივრციდან. ამას ცხადია უკუშედეგის მეტი არაფერი არ მოაქვს. _ თქვენც ასე მიგაჩნიათ, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა რუსეთის საამებლად თუ სტრატეგიულ შეცდომას უფრო უკავშირებთ? _ როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურ რეჟიმში თავს ესხმიან საქართველოს საუკეთესო მეგობარ ევროპარლამენტის წევრებს, უარს ეუბნებიან ვიზიტზე, შემდეგ დასცინიან და აბუჩად იგდებენ... მოიქცნენ ისე, როგორც მოიქცნენ მიშელის შეთანხმებასთან მიმართებაში, მე მგონი ნათელია, რომ ეს ხელისუფლება თავისი ქმედებებით პირდაპირ ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. შესაბამისად, ამ ყველაფერს შეცდომებს ვერ მივაწერ. იმიტომ, რომ მსგავს ქმედებებს ძალიან მიზანმიმართულად მიჰყავს ვითარება იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში დაზიანდეს დასავლეთის ავტორიტეტი. ამის პარალელურად ძლიერდება რუსული პროპაგანდა და რუსეთისგან მართული ძალები, რომლებმაც დაიწყეს საუბარი საგარეო კურსის ნეიტრალიტეტზე და კურსის გადახედვაზე. რეალობა ის არის, რომ ამ ხელისუფლებას ისედაც არ სურს რეფორმების გატარება და დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემა. კარგად ესმით, რომ დემოკრატია და კანონის უზენაესობა პირველ რიგში მათთვის არის სახიფათო. ეს ხელისუფლება არის მიზეზი, რატომაც შეგვექმნა სერიოზული გამოწვევები დასავლური ინტეგრაციის თვალსაზრისით. მართალია იქ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, მაგრამ რეფორმების გატარება ხომ შეეძლოთ?! ამის ნაცვლად გადადგეს რა ნაბიჯებიც გადადგეს ამ დროის მანძილზე და შედეგი არის სახეზე. ასე, რომ ეს ან შეცდომაა ან არაკომპეტენტური საქციელია. მე ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულად ხდება ჩვენი ქვეყნის ჩამოცილება დასავლური სივრციდან ამ ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო. მათ შორის პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ემსახურება ოლიგარქი ივანიშვილის დღის წესრიგს და არა სახელმწიფო ინტერესებს. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის დღის წესრიგში არის დემოკრატია ან ამ ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატოში?! მე მგონი გასაგებია, რომ ივანიშვილი ქვეყანას მოიაზრებს საკუთარ ზონად საკუთარი ინტერესებისთვის და მისი პიროვნული ინტერესების შესაბამისად ხდება მათ შორის საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა და ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია. _ ამ დროს ოპოზიცია რას აკეთებს და რა შეუძლია გააკეთოს იმისათვის, რომ ვითარება რაღაცნაირად გამოიყენოს ქვეყნის სასიკეთოდ? ცოტა დამაკლდა ოპოზიციის აქტიურობაც იგივე უკრაინის საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ გააკეთეთ ერთობლივი განცხადება. _ ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს?! ოპოზიციას არ აქვს ბერკეტები ხელში, არ აკონტროლებს ძალაუფლებას. მას შეუძლია გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური დამოკიდებულება, რაც გავაკეთეთ კიდეც. ჩვენ გავაკეთეთ ოფიციალური გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის სახელზე და რადას თავმჯდომარის სახელზე. ასევე შევხვდით ელჩს. ოპოზიციამ წარადგინა ინიციატივა, რომ პარლამენტში სასწრაფოდ მივიღოთ მხარდამჭერი რეზოლუცია, რათა შეიქმნას საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც ეწვევა უკრაინას მხარდასაჭერის გამოსახატად. ასევე საგარეო და თავდაცვის მინისტრები მოვიდნენ პარლამენტში და მოგვახსენონ რა ხდება. ასევე მოვითხოვეთ, რომ პრემიერმა უშიშროების საბჭოს მოიწვიოს და ყველაფერი დაიგეგმოს ოპოზიციის თანამონაწილეობით. ასევე იყო საჯარო გამოსვლა უკრაინის საელჩოსთან, სადაც ჩვენ ასევე ვიყავით წარმოდგენილები. სხვა არ ვიცი, ამ ვითარებაში რა ხელეწიფება ოპოზიციას, რომ გააკეთოს. ეს ჩემთვის რთული წარმოსადგენია. _ დასავლეთთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებით და საუბრობთ ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებასა და საგარეო გამოწვევებზე? _ არა მხოლოდ მუდმივი კონტაქტი გვაქვს დასავლეთთან, არამედ იგეგმება ვიზიტი ბრიუსელში. ასევე იგეგმება ვიზიტი ვაშინგტონშიც, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჩვენ პოლიტიკურ ძალას - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“. ცხადია, რომ მუდმივი კავშირი გვაქვს ჩვენს მეგობრებთან, მაგრამ რეალობა ეს არის, რომ რაც არ უნდა კავშირი გვქონდეს ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“. მე თუ მკითხავთ რა შეცვლის ვითარებას საქართველოსთვისაც და რეგიონისთვისაც მათ შორის არის ხელისუფლების შეცვლა. ეს არის ამ ქვეყნის ამოცანა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და ჩამოვაშოროთ მართვის სადავეებს. აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა იმას, გამიზნულად, არაკომპეტენტურობით თუ რა მიზეზებით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ქვეყანა მიჰყავს საპირისპირო მიმართულებით, რაც არის ქართველი ხალხის არჩევანი. ამიტომ, ხელისუფლების შეცვლაა ოპოზიციის საბოლოო მიზანი, მაგრამ სანამ ეს მოხდება და ამის შესაძლებლობა იქნება, მანამდე ოპოზიციაში ყოფნის პირობებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და სტრატეგიული მოკავშირეების ინტერესები. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი