დღეს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება და ეს შეთავაზება პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. ეს ინფორმაცია საკმაოდ რეზონანსული გახდა. შეფასებები მმართველ პარტიაშიც გაკეთდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისიც კი თქვა, რომ „უხდებიან ერთმანეთს“.
ჰქონდა თუ არა ამ საკითხზე ვინმესთან საუბარი, რას უკავშირებს ასეთ საუბრებს, როგორ ფიქრობს, რატომ აირჩიეს პროპაგანდის სამიზნედ ის და აპირებს თუ არა პოლიტიკაში ჩართვას? - ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საუბრობს: _ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე რას იტყოდით, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდებით? _ სიმართლის 0%-ია, არის ხოლმე, როდესაც 1%-ს აიღებენ რაღაცა სიმართლეს და 99%-ს მიაბამენ, სჩვევია ასეთი რამე პროპაგანდას. აქ არის სიმართლის 0%. ანუ, არათუ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე არ ვხდები, არამედ არც განხილვა… _ არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა? _ არა, ხუმრობითაც კი არ ყოფილა არასდროს ნათქვამი. მხოლოდ პროპაგანდისტების ტვინში გაჩნდა ეს იდეა, რომ გადაეფარათ გუშინდელი ჩანაწერების სკანდალი. _ ჩანაწერებზე როგორია თქვენი აზრი? უკვე შეიძლება თქმა, რომ რეალური ჩანაწერებია, თუ მაინც სჭირდება ავთენტურობის დადგენა? _ საერთოდ მე ფარულ ჩანაწერებზე არ ვაკეთებ ხოლმე კომენტარს, მაგრამ დღევანდელი მედია ქარიშხლის კონტექსტში - რადგან გადაფარვის ასეთი სერიოზული მცდელობა ჩაატარეს, შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს არის ერთი ეპიზოდი ბიძინა ივანიშვილის სევდიანი ამბიდან, რომელიც ერის მამა კი ვერ გახდა, არამედ დარჩა რუსული ფულის მაყურებლად. ასე იუმორით რომ შევაფასოთ, თან ილია ჭავჭავაძის „კაკო ყაჩაღის“ ფერებში. _ როგორ გგონიათ, რატომ აგირჩიეს პროპაგანდის სამიზნედ თქვენ და ალბათ ნახავდით ირაკლი კობახიძის განცხადებასაც, რომ უხდებიან ერთმანეთსო. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე? _ სიმართლე გითხრათ არ მისმენია, მაგრამ რა ვიცი, როგორ გითხრათ?! არ ვიცი, რატომ ამირჩიეს სამიზნედ მე. სამიზნედ ვარ არჩეული 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული. ამ დროიდან მოყოლებული „ქართული ოცნებისთვის“ სამიზნე ვარ. _ უკრაინაში თქვენ ვიზიტსაც ხომ არ უკავშირებთ? _ 2014 წელს გახსოვთ ალბათ მაღალი თანამდებობის პირები რომ გამოდიოდნენ და თურმე საკუთარი თავის წინააღმდეგ ვაპირებდი შეთქმულებას. ამის მერე რაღა უნდა გამიკვირდეს, ან რითი უნდა ავხსნა?! ეს პოლიტიკური ძალა [ქართული ოცნების დღევანდელი შემადგენლობა] ძირითადად იყო სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცლების შემსრულებლები. მათთან ერთად ფულსაც აკეთებდნენ, ხალხის დაჭერაშიც იღებდნენ მონაწილეობას... ეს ხალხი მათ შორის სააკაშვილის ყველაზე სამარცხვინო ფურცლების თანამონაწილეები იყვნენ და ესენი 2014 წლიდან ჩემზე ასეთ ჭორებს ავრცელებენ. 10 დღის თავზე თუ რამდენი დღეც გავიდა, ამის გამო ხდება თუ არა არ ვიცი და არც აქვს მნიშვნელობა... გადაფარვა რომ იყო, ეს ნამდვილად ვიცი. _ პარტიულ პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ განიხილავთ? _ განვიხილავ ყოველთვის, როდესაც ამის შესაძლებლობა არის. პოლიტიკაში მონაწილეობა გამომდინარეობს ორი რამით - გარემოებებით და ვითარებით. ჯერჯერობით ის ვითარება არ არის, რომ დავუშვათ მე ჩავერთო პოლიტიკაში. თუ იქნება საჭიროება და ვითარება, ჩავერთვები. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი