საქართველო, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრი, ასამბლეის ყველა წევრის სრული მხარდაჭერით, ერთხმად გახდა.საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს ოფიციალურად მიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას სტატუსის შეცვლის თაობაზე და დღეს დადგა ისტორიული შედეგი, როდესაც ოფიციალურად ასამბლეაში ვიქნებით ასოცირებული წევრის სტატუსით წარმოდგენილი.
როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრანკოფონიის სექციის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი "აიპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და გაგვიხსნის ახალ შესაძლებლობებს იმისათვის, რომ მოხდეს ფრანგული ენის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაცია ქვეყანაში.
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ბოლო პლენარულ სხდომაზე ერთხმად მიიღეს ასამბლეაში ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია.რეზოლუციის პროექტი, საერთაშორისო ფრანკოფონიის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეფუძნება და წვლილი შეაქვს საერთაშორისო სოლიდარობის, დემოკრატიისა და მშვიდობის განმტკიცებაში.
ბატონო დავით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეზოლუციის მიღებას ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა?
ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რადგან რეზოლუცია აღიარებს საზღვრების ურღვევობის, საერთაშორისო მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპებს და იზიარებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს საქართველოს საზღვრებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
რეზოლუცია მხარს უჭერს საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც საქართველოს დეოკუპაციისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენაა მიმართული. კონფლიქტების სამართლიანი მოგვარება უნდა გახდეს ასობით ათასი ადამიანის უფლებებისა და ღირსების აღდგენის და მათი მშობლიურ სახლებში დაბრუნების საფუძველი.
რეზოლუციის მისაღებად საჭირო იყო სრული კონსენსუსი, რაც გულისხმობდა დაახლოებით 250 - მდე დელეგატის მხარდაჭერას, თუ არ ვცდები.
დიახ, საჭირო იყო ყველას თანხმობა და სწორედ სრული კონსენსუსით გავიდა რეზოლუცია პოლიტიკურ კომიტეტზე. ეს ნიშნავს რომ ყველა თანახმა უნდა იყოს. გავიდა კომიტეტზე რეზოლუცია, სადაც წერია რომ მხარს გვიჭერს ფრანკოფონiის საპარლამენტო ასამბლეა ტერიტორიულ მთლიანობაზე, სუვერენიტეტზე, 2008 წლის რუსეთთან შეთანხმების შესრულებაზე და დიალოგის ფორმატით ჟენევას შეთანხმების ფარგლებში გაგრძელდეს ეს ურთიერთობები.
საქართველოსთვის ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ამ სახით მიღება მნიშვნელოვანია, რადგან იგი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ეწინააღმდეგება ოკუპირებულ რეგიონებში ხელოვნური ბარიერების აღმართვას, უკანონო დაკავებებს, გადაადგილების თავისუფლებისა და ადამიანის სხვა უფლებების შელახვას, ეთნიკურ დისკრიმინაციასა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვას.
პირველად მოხდა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ისტორიაში, როდესაც შეხვედრა ჩატარდა არაასოცირებულ ქვეყანაში, რა უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილების მიღებას?
ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა ძალიან დიდი სამუშაოები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე გავხდით ასოცირებული წევრები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ფრანკოფონიის მხარდაჭერაა, 22 ქვეყანა შედის ასამბლეაში. არა წევრ ქვეყანაში რომ ფრანკოფონიის ასამბლეის შეხვედრა ტარდებოდეს, ასეთი ფაქტობრივად არ ყოფილა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის.
რით არის მნიშვნელოვანი და რა შედეგს მოგვცემს ეს ყველაფერი?
ფრანკოფონიის ასოცირებული წევრობა ორი რამისთვის არის მნიშვნელოვანი: პირველი ის, რომ ასამბლეის წევრი ევროპული ქვეყნები ჩვენი უპირობო მხარდამჭერები არიან ევროინტეგრაციის გზაზე. და მეორე, იქ სადაც ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური არხებით ვერ ვწვდებით და არის ასეთი ქვეყნები, რომლებიც ფრანკოფონიის ასამბლეაში შედიან, ხდებიან ჩვენთვის ხელმისაწვდომები
ამ ყველაფერს ძალიან ბევრი და შრომატევადი სამუშაო უძღოდა წინ მთელი ამ მოწვევის განმავლობაში, როგორც დელეგაციის წევრების, ასევე ჩვენი სამდივნოს მიერ. შესაბამისად, შევძელით გაგვერღვია 20 წლიანი გაყინვა და დამკვირვებლის სტატუსიდან გადავედით ასოცირებულ წევრობაში.
დღეს ევროპა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას - ეს არის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ერთ-ერთ პანელზე იყო ეს საკითხიც გატანილი. ამ მიმართულებით თუ შეთანხმდით თანამშრომლობის რაიმე ფორმატზე? მოგეხსენებათ არაერთი დეზინფორმაციული მასალა გავიდა საქართველოზე უცხოურ პრესაში, თუნდაც ფრანგული მედია და "ფიგარო" რომ გავიხსენოთ, მიხეილ სააკაშვილზე სტატიით, სადაც არაერთი ფაქტობრივი უზუსტობა იყო...
დიახ, ეგ იყო შეკვეთილი კამპანია სააკაშვილზე. რაც შეეხება თანამშრომლობას, იყო პანელზე ამაზე მსჯელობა. მაგრამ რამე კონკრეტული ფორმატი ამასთან მიმართებით გამოკვეთილი არ არის. თუმცა, რამდენადაც გამოწვევად აღიქვამს ამას მთელი ფრანკოფონიული სამყარო, არ გამოვრიცხავ რომ მსგავსი ტიპის ფორმატი შეიქმნას და იყოს კონკრეტული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით.
მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს ღონისძიება, საქართველოს პარლამენტი იზიარებს იმავე ღირებულებებს, რასაც ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, ესენია: კულტურული მრავალფეროვნება, მშვიდობის, დემოკრატიის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებები, ფრანგულ ენაზე განათლების და თანამშრომლობის ხელშეწყობა და მდგრადი განვითარება.ქართველი ხალხი განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მეგობრობის ტრადიციებს, რამაც საშუალება მოგვცა გაგვეძლიერებინა ჩვენი თანამშრომლობა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან და წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაგვეღრმავებინა მეგობრობა ასამბლეის წევრებთან. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა საერთო იდეების გაჟღერებისთვის და თანამოაზრე ადამიანების დასაკავშირებლად მთელს მსოფლიოში.