ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე "აიპრესი" "ევროპული საქართველოს" წევრს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:
- როგორ შეაფასებთ ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, მიზნები გასაგებია და მორიგ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ დროში, რა არის ოპოზიციური ძალების ინტერესი, საერთოდ თუ დალაგდება პოლიტიკური პარტიების ურთიერთობები ისე, რომ შესაძლებელი გახდება კონკრეტული დასკვნების გამოტანა?
- ზოგადად, მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, რომ მაინც ყველაფერს ალაგებს, ჩვენ შეგვიძლია პროცესი ან დავაჩქაროთ, ან შევანელოთ. ადრე თუ გვიან, ჩვენი ხალხი და ქვეყანა მიაღწევს იმ ადგილს, სადაც მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. გული მწყდება, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი და შესაძლებლობების ფანჯრის გახსნის დროს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ამ შანსს არ იყენებს. უფრო მეტიც - ის ამ შანსის საწინააღმდეგოდ იქცევა. ვგულისხმობ, ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ჩვენს ბუნებრივ, ევროპულ სამყაროში დასავლურ ცივილიზაციათა შორის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის სერიოზული შანსი გვაქვს, მიუხედავად ამ ხელისუფლების მცდელობისა, იმედი მაქვს , ძალიან მალე ქართველი ხალხი გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას.
- ხელისუფლება თუ არაფერს არ აკეთებს, მაშინ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება, ნუთუ ოპოზიციას? გინდათ, რომ სტატუსზე უარის შემთხვევაში, საზოგადოებამ ხელისუფლების ნაცვლად, პასუხი ოპოზიციას მოთხოვოს?
-ხელისუფლება რომ არაფერს არ აკეთებდეს, გაცილებით უკეთესად ვიქნებოდით. სამწუხაროდ, ის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. არაერთხელ მითქვამს, რომ იმ 12 პუნქტიდან 11 განახლებადი მოთხოვნაა. რეფორმები არის ისეთი რამ, რომელიც დროში არ არის სტატიკური. ის მუდმივად განახლებადი პროცესია და ქვეყანას მუდმივად სჭირდება განახლება. 12 პუნქტიდან 11 მაინც მგონია, რომ ერთი მთავრის პოლიტიკური შეფუთვაა და მას სახელად ჰქვია დეოლიგარქიზაცია, იმიტომ რომ ევროპულ და ცივილიზებულ სამყაროში არ არის ადგილი, რომელსაც მართავს არათუ ავტორიტარი, არამედ კერძო კაცი. ეს საერთოდ ანაქრონიზმია არათუ დასავლურ ქვეყნებში, არამედ მსოფლიოში. არ მაგონდება დღეს სადმე იყოს მსგავსი, თვით ჩრდილოეთ კორეაშიც კი. ჩრდილოეთ კორეას მართავს დიქტატორი, მაგრამ ოფიციალური პირი. ჩვენს ქვეყანას მართავს არაოფიციალური კერძო პირი. მსგავსი ტიპის მმართველობის პირობებში ბუნებრივია, ცივილური საზოგადოების წევრი ვერ გავხდებით.
- ოპოზიცია წლებია საუბრობს, რომ ქვეყანას მართავს ერთი პირი და მმართველი პარტიის ნაცვლად, თქვენ გვარწმუნებთ, თითქოს ეს ერთი პირი არის ყოვლისშემძლე. ასეთი მაღალი წარმოდგენა რატომ აქვს ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილზე და რატომ გინდათ, ამომრჩეველმაც ანალოგიურად იფიქროს?
-არა, არ არის ყოვლისშემძლე. ასეთი რამ მომხდარა მსოფლიოს ისტორიაში, გაცილებით ძლიერ სახელმწიფოებში. მაგალითად, იყო დრო, როდესაც რომის იმპერიას მართავდნენ კერძო პირები. ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს აკონტროლებს იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც სახელმწიფო მმართველობაში არიან. რა გვაფიქრებინებს რომ ეს ასეა? - მათივე მოქმედება არა მხოლოდ ბიძინასი. იქნებ მითხრათ, რა წინაპირობა უძღოდა 2015 წელს პრემიერ ღარიბაშვილის გადაყენებას? რა პოლიტიკური კრიზისი იყო ისეთი ან პარლამენტში, ან ქვეყანაში, რომელსაც მოჰყვა პრემიერის გადადგომა. კაცმა წინა დღეს საქართველოს ახალი წელი მიულოცა და მეორე დღეს აღმოვაჩინეთ რომ ის გადადგა. რატომ, როგორ ფიქრობთ? გაირკვა მხოლოდ ერთი რამ და ეს დაადასტურა ბატონმა ბიძინამ - პრემიერზე მიუვიდა ცუდი ინფორმაცია, რომ ის ბიძაშვილ მამიდაშვილობის ფლანგებს ვერ გაექცა და მის ნათესავებს ნამეტანი მოუვიდათო. შეიძლება ინფრომაციები მართალი იყო, რომელიც მას მიუვიდა, მაგრამ ვინ იყო ბიძინა ივანიშვილი, რომ მან გადაწყვიტოს პრემიერი უნდა გადადგეს თუ არა. გავიხსენებ ასევე, პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომასაც. რატომ გადადგა და რა თქვა ბიძინამ? - მე მას ვუთხარი, რომ ჩემთან არ დაერეკა და ქვეყანა დამოუკიდებლად ემართა, მაგრამ ზუსტად ორ წუთში ამბობს ამის საწინააღმდეგოს - ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ პრემიერი კვირიკაშვილი არც კი ეკითხება თურმე, არაფერს და ეს გახდა მიზეზი, რომ ის შერისხულთა რიგებში აღმოჩნდა. სამწუხაროდ, შემდეგი, თუნდაც გახარიას ეტაპი.. ჩვენ ვართ საპარლამენტო ქვეყანა, სადაც გუნდის ლიდერი ხდება პრემიერი, ანუ გახარია წესით უნდა ყოფილიყო იმ გუნდის ლიდერი, რომლის სიის სათავეშიც იყო და ის იყო პარლამენტში. ამიტომ, თუ მას პარლამენტთან პრობლემა არ ჰქონდა, ის არ უნდა გადამდგარიყო. ვის გაუკეთა პროტესტი გახარიამ? თუ მისი გუნდი იყო პარლამენტში და თავად თვლიდა, რომ მელიას დაკავებისთვის ის სპეცოპერაცია არ უნდა შემდგარიყო, ვის არ მოეწონა მისი ეს გადაწყვეტილება და ვის გამო გადადგა? ანუ მას თავის გუნდთან კი არა, ბიძინას გუნდთან ჰქონდა წინააღმდეგობა.
- ბიძინას გუნდში ვის გულისხმობთ კალაძეს, კობახიძეს, ღარიბაშვილს...
- ნებისმიერს, ვინც მზად არის შეასრულოს ბიძინას დავალება. მას ხომ არ ჰყავს იდეოლოგიური მომხრეები. პირველი, ეგ ადამიანები მიარტყამენ წიხლს, თუ ხვალ ბიძინა, როგორც ფიგურა დამარცხდება. ესენი არ არიან მისი თანამებრძოლები, ისინი არიან მსახურები, ანუ ის ადამიანები, ვინც ბიძინას სამსახურის გამო აღმოჩნდნენ ისეთ ადგილებზე, საიდანაც ხდება ქვეყნის მართვა. მათ ხელში ბერკეტებია და ვინც ამ ბერკეტს დამოუკიდებლად აამოქმედებს (კარგად თუ ცუდად, მნიშვნელობა არა აქვს) ან პირი, რომელიც ამ ბერკეტის მისი კონტროლიდან გაყვანას შეეცდება, მოიშორებს ასპარეზიდან.
- ირაკლი ღარიბაშვილმა ახლახანს განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია ორ წელზე მეტია არ ჰქონია. იგივეს ამბობენ ოცნების სხვა ლიდრები... არ ფიქრობთ, რომ წლების წინანდელი დამოკიდებულება შეიცვალა თავად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და შესაბამისად, ოპოზიციის მთავარი მესიჯებიც მოძველდა?
- ბიძინა ივანიშვილი თავის მსახურებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში არ არის. მას რომ ყოველწამიერად დომებოდა ქვეყნის პრობლემებით თავის შეწუხება, მაშინ ის თვითონ იქნებოდა პრემიერი. მას ეს ქვეყანა არ უღირს იმად, რომ მისთვის თავი ყოველწამიერად შეიწუხოს. ამიტომ მან ქვეყანაზე კონტროლი ე.წ. თავისი გუნდით გადაწყვიტა, მაგრამ იმ ფარგლებში, რომელსაც თავად შემოუსაზღვრავს. სწორედ იმის გამო, რომ ბიძინას გარეშე გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და ყოველდღიურ კონტაქტში არ არიან, ამიტომ ზიანდება ქვეყნისთვის საჭირო ესა თუ ის გადაწყვეტილება. ამიტომ ქვეყანა საერთოდ არ იმართება და არის იმ ადამიანების ხელში, რომელთათვის მთავარი ამოსავალია ძალაუფლების შენარჩუნება და სანამ ის აქვთ, დიდი კაპიტალის დაგროვება. ქვეყანა მთლიანად ჩაფლულია კორუფციაში, ბიუჯეტს უყურებენ როგორც თავიანთ საკუთრებას და მთლიანად მოქმედებენ არა ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, მათ შორის იდეოლოგიისა და პროპაგანდის დონეზეც, არამედ იმ ინტერესით, თუ რა დაეხმარებათ მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში. მინდა გითხრათ, რომ ეს სიმპტომატურია და არ არის მხოლოდ "ქართული ოცნებისთვის" დამახასიათებელი. პრორუსული აგიტაციის გამოყენება დაიწყო ყველა ავტორიტარმა მმართველმა, რომლის ძალაუფლებასაც ასე თუ ისე ხიფათი ემუქრება. დასავლური დემოკრატია მოწინააღმდეგეების განადგურებას, ავტორიტარულ მართვას არ ითვალისწინებს. ყველა ავტორიტარისთვის, რომელსაც ერთპიროვნულად უნდა რომ მართოს ქვეყანა, დასავლური ცივილიზაცია არის მიუღებელი და ეს არ ეხება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. ეს ეხება ყველას. შემთხვევითი არ იყო ღარიბაშვილის მონაწილეობა უნგრეთში ცნობილ კონფერენციაზე, რომლის გამო, ისინი გარიცხეს ევროპის სოციალისტურ პარტიათა გაერთიანებიდან. დასავლეთისთვის ავტორიტარული მმართველობა არის მიუღებელი.
- ფაქტია ის, რომ ახლა როცა საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებში მხარდამჭერები ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება, მმართველ პარტია პარტნიორების გარეშეა დარჩენილი. ფიქრობთ, რომ საქართველოსა და უნგრეთის პოზიცია არის ანტიდასავლური?
-არა მხოლოდ უნგრეთი და საქართველო, ახლა მეზობელ თურქეთშიც ზუსტად ანალოგიური მესიჯები გაისმა, რომ დასავლეთი ებრძვის მოქმედ პრეზიდენტს. დასავლეთი ებრძვის უნგრეთის პრემიერს, დასავლეთი ებრძვის საქართველოს ხელისუფლებას. დასავლეთი არა თუ ებრძვის, მისთვის ავტორიტარული მმართველობა არის მიუღებელი. დასავლეთისთვის მიუღებელია ის პოლიტიკური გარემო, სადაც გამარჯვებული პოლიტიკური გუნდი ცდილობს გაანადგუროს და პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოაშოროს ოპოზიცია. ასეთი მმართველობა არ არის დასავლური ცივილიზაციის ნაწილი და ბუნებრივია, რომ ასეთი ხელისუფლებებისთვის დასავლური ცივილიზაცია მიუღებელია. ამიტომ ჩაეჭიდნენ ისინი პრორუსულ პროპაგანდას, რომ დასავლეთი არის იდენტობის დაკარგვა, გარყვნილება, კოლონიალიზმი და ა.შ. სინამდვილეში, დასავლური ცივილიზაცია არის ისეთი ცივილიზაცია, სადაც თითოეული ერი ინარჩუნებს თავის იდენტობას. ჩვენ ბრძოლებით, ომებით იდენტობის შენარჩუნება სწორედ იმიტომ გვიხდებოდა, რომ არ გვქონდა ცივილიზებულ ერებთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, ჩვენი უახლოესი მეზობლები და კონკურენტები, ვინც ემუქრებოდა ჩვენს ერს ყოფნა არყოფნის თვალსაზრისით არ იყვნენ ცივილიზებულები არც იმდროინდელ მსოფლიოში, როცა მათთან გვქონდა პრობლემა და მითუმეტეს, დღეს.
ცნობილია "ქართული ოცნების" ნარატივი, რომ დასავლეთს სურს ომში ჩაგვთირიოს, დედა დედაა და მამა მამაა, ვითომ ვიღაცა გვაძალებს რომ 14 წლამდე ბავშვებს არათუ უფლება ჰქონდეთ სქესის შეცვლის, არამედ, ისე ხატავენ სიტუაციას , თითქოს ვინმე პროპაგანდის ვალდებულებას გვაძლევდეს. საინტერესოა, ამ ადამიანებმა სად ნახეს ეს პრობლემა, ან ჩვენ ვინ გვთხოვს ამას, ან დასავლეთის რომელ სახელმწიფოში ნახეს რომ ეს ნორმა უკვე კანონად არის ქცეული. დისკუსიები მიდის, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მსგავსი ტიპის განცხადებებით გამოდიან, ოღონდ იმავე ქვეყნების უმრავლესობა არის წინააღმდეგი. ანუ დასავლური საზოგადოება არის წინააღმდეგი იმის, თუკი რამეა მიუღებელი, იმიტომ რომ რისი წინააღმდეგიც არ არის საზოგადოება ის კანონად იქცევა. იქნებ, გვითხრას ხელისუფლებამ რომელ ქვეყანაშია, რომ დედა დედა არ არის, მამა მამა არ არის, ან სად ხდება, რომ არასრულწლოვანს სქესის შეცვლის უფლება აქვს. ანუ არსაიდან მოტანილი თემა ჯერ პრობლემად წარმოაჩინეს, მერე ამ პრობლემის ავტორად ევროპა გამოაცხადეს და არარსებული პრობლემის ლანძღვით სინამდვილეში დასავლურ ცივილიზაციას ლანძაღვენ. ეს დაწყებულია ჯერ რუსეთის იმპერიაში და შემდეგ ატაცებული არამხოლოდ რუსული გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფოების მხრიდან, არამედ ყოველი ავტორიტარული რეჟიმისთვის, რომლისთვისაც დასავლური დემოკრატია არის ხიფათი.
- თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ პროპაგანდის ავტორი საქართველოში ამჟამად ვინ არის?
-საქართველოს ხელისუფლება, ოღონდ საქართველოს ხელისუფლება არის ნაწილი რუსული პროპაგანდის. ხელისუფლების მოქმედება მთლიანად არის უნისონში რუსეთის ხელისუფლების მოქმედებასთან. რა მნიშვნელობა აქვს ამას, ვინმეს დავალებით აკეთებენ თუ პირადი ნებით? კიდევ უფრო უარესი, თუ საკუთარი ნებით აკეთებენ და ამას აკეთებენ იმის გამო, რომ ხელისუფლების შენარჩუნებას აყენებენ ყველაფერზე მაღლა და მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, რუსულ მეთოდს გამოიყენებენ თუ ირანულს და საქართველოს, ხვალ ზეგ თეოდემოკრატიის სახელმწიფოდ გამოაცხადებენ.