30-31 მაისს, ექსპო ჯორჯიას მე-6 პავილიონში, კომპანია სილქნეტი ტრადიციულად წარადგენს პროექტს „მსახიობები ლიტერატურისათვის“. ფესტივალის სცენაზე თეატრისა და კინოს ახალგაზრდა მსახიობები სხვადასხვა ჟანრის წიგნებს გაუწევენ პოპულარიზაციას.
მე-7 წელია პროექტი წიგნის ფესტივალის განუყოფელი ნაწილია. პროექტს საფუძველი ჩაუყარა მსახიობმა ნინო კასრაძემ და მსახიობები ლიტერატურის გარშემო გააერთიანა. სილქნეტის მხარდაჭერით, ამ პროექტმა სულ უფრო მეტი წიგნის მოყვარული მიიზიდა და დააინტერესა უახლესი გამოცემებით. მნიშვნელოვანია, რომ საფესტივალო დღეების ჩანაწერებს კომპანია SilkTV-ის ვიდეოთეკაში განათავსებს და თითოეული გამომსვლელის წარდგენა სილქ - პლატფორმებზე უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი, როგორც SilkTV-ის სერვისზე, ისე აპლიკაცია SilkGo-ზე და ვებ გვერდზე silktv.ge. მსურველს შეუძლია ნახოს გასული წლის ჩანაწერებიც.
თბილისის წიგნის ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ უკეთ გაეცნონ მსახიობებს და მათ მიერ წარდგენილ, საგანგებოდ შერჩეულ საინტერესო წიგნებს:
ნია გუგავა წარადგენს ბანანა იოშიმოტოს რომანს — ,,სამზარეულო” და ლია ლიქოკელის პოეტურ კრებულს — ,,გოგოობის კანონი | დევის ცოლის სიცილი”;
ირაკლი კვირიკაძე - ჯიდუ კრიშნამურტის ფილოსოფიურ ნაშრომს ,,თავისუფლება ცნობილისგან”;
ბუკა თოლორდავა - რეზო გაბრიაძის მოთხრობების კრებულს ,,ჩემი პატარა ქალაქი” ; გივი კერვალიშვილის მიერ ილუსტრირებულ საბავშვო ზღაპარს ,,ბომბორა”;
ანუკი ბუბუტეიშვილი - იუკიო მიშიმას წიგნს ,,გაზაფხულის თოვლი”;
ანდრო ჭიჭინაძე - ტიმოთი ბლაუვეტის დოკუმენტურ პროზას — ,,კლიენტელიზმი და ეროვნება ნესტორ ლაკობას საბჭოთა აფხაზეთში”;
გიგა ჯიშკარიანი - ლექციათა კრებულს ,,თვითშეფასება”;
გიორგი რაზმაძე -იტალო კალვინოს რომანს ,,არარსებული რაინდი”;
სოფიო ზერაგია — სილვია პლათის რომანს ,,ზარხუფი” და მარო მაყაშვილის ,,დღიურს”;
ნიკუშა ბაქრაძე - კრისტინ ჰანას რომანს ,,ოთხი ქარი”;
სანდრო სამხარაძე - დაგლას სტიუარტის რომანს — ,,შაგი ბეინი”;
გიორგი წერეთელი - უმბერტო ეკოს ესეების კრებულს და შოთა ჩანტლაძის პოეზიას;
ანასტასია ჭანტურაია - ანი ერნოს რომანს ,,მოვლენა”;
ზუკა პაპუაშვილი - ალბერ კამიუს მხატვრულ პროზას ,,ვარდნა”;
მარიკა ხუნდაძე - ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებულს ,,ომს მშვიდობა”;
ანანო მახარაძე - კატერინა ბაბკინას მოთხრობების კრებულს ,,ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა”;
ირაკლი ჯაფარიძე - ალბერ კამიუს დოკუმენტურ პროზას ,,ქორწინება, ზაფხული”;
სალომე ესაძე - ლევ ტოლსტოის ავტობიოგრაფიულ თხზულებას ,,აღსარება”;
ფესტივალი, რომელიც 1997 წლიდან ტარდება, ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოში მოღვაწე თითქმის ყველა გამომცემელს. ყოველწლიურად საფესტივალო პროგრამა მრავალფეროვანი და საინტერესოა ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის.
სილქნეტი გელით მსახიობებთან შესახვედრად, 30-31 მაისს 11:00 – 19:00 საათამდე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-6 პავილიონის სცენასთან!