"ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას სადეპუტატო კითხვით მიმართავს.
კითხვა ეხება ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ ზვიად ხარაზიშვილის, მილერი ლაგაზაურის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძისადმი ფინანსური სანქციების დაწესებას.
„საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია: გასცა თუ არა მითითება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისადმი ზემოთ აღნიშნული პირების საბანკო ანგარიშების გაუქმების (გაყინვის) შესახებ?“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს სანქციები დაუწესა.
სახაზინო დეპარტამენტის გვერდზე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა სანქციები დაუწესა პირებს, რომლებიც „ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში“.