გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სენაკის მუნიციპალიტეტში შპს „ჯეონათის“ თხილის ბაღში თხილის მსხვილ მწარმოებლებს შეხვდა.
„წელს ველოდებით უფრო მეტ მოსავალს, ვიდრე გასულ წელს იყო. რაც შეეხება ფასს, დაახლოებით, 30-40% მაღალია საშუალო და მაღალი ხარისხის თხილის ღირებულება, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ წელს ფერმერები მიიღებენ მნიშვნელოვნად მეტ შემოსავალს თხილის რეალიზაციიდან - წელს მეთხილე ფერმერების შემოსავალი 250 მლნ ლარზე მეტი იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მეთხილეობის დარგის განვითარება საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთი-ერთი მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ფერმერების მხარდასაჭერად არაერთ პროექტს ახორციელებს. ხელშეწყობა მოიცავს თხილის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს. თხილის კულტურის პირველადი წარმოების ხელშეწყობა პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ხორციელდება; საქართველოს მასშტაბით, 1.180 ჰა-ზე თხილის ბაღების გაშენებაა თანადაფინანსებულია. მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში - 604 ჰა-ზე. რაც შეეხება შეღავათიან ფულად რესურსზე ხელმისაწვდომობას, თხილის ბაღების გაშენებისა და მოვლის მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 50 მლნ ლარის ღირებულების 927 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 13.9 მლნ ლარს აღემატება; მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში გაცემულია 12.8 მლნ ლარის ღირებულების 174 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3.7 მლნ ლარს აღემატება.
შპს „ჯეონათსის“ დირექტორის, დავით ხუროძის განცხადებით, მათი კომპანია რამდენიმე სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს, ერთ-ერთი შეღავათიანი აგროკრედიტია.
„გასულ წელს გაფართოვდა მიმდინარე წლიური ხარჯების ზედა ზღვარი, რამაც მოგვცა საშუალება, რომ მსხვილ ფერმერებს გვესარგებლა ე.წ. სესხის პროცენტის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით. აღსანიშნავია, რომ მელიორაციის სამსახური ძალიან კარგად მუშაობს, ჩვენთან ყველა არხი გასუფთავებულია“, - აღნიშნა გიორგი ხუროძემ მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე.
თხილის მწარმოებლებთან შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე იმყოფებოდნენ.