მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახურ-ქართულ ეკომონიკურ გაერთიანებას საქმიანობაში მხარდაჭერა გამოუცხადა
1627296248
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან მარიამ ქვრივიშვილთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ტურიზმის აღდგენის შესაძლებლობების განხილვას. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების თავმჯდომარემ, გიორგი ჯახუტაშვალმა მარიამ ქვრივიშვილს, რომელიც სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს ხელმძღვანელობს, გაერთიანების მიზნები და სამომავლო გეგმები წარუდგინა, რაც ყაზახეთსა და საქართველოს შორის ტურიზმის განვითარებისკენ და ქვეყანაში საინვესტიციო პოტენციალის ათვისებისკენ მიმართულ აქტივობებს უკავშირდება.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტურიზმის სტრატეგიის განახლება და ახალ სტრატეგიაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანად კვლავ რჩება კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და მათთან კომუნიკაციის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, იგეგმება დარგობრივ გაერთიანებებთან მჭიდრო თანამშრომლობა და სამუშაო პროცესებში მათი აქტიური ჩართვა.
შეხვედრაზე გამოიკვეთა სისტემური ურთიერთთანამშრომლობის გზები, რაზედაც მხარეები სამუშაო რეჟიმში შეთანხმდებიან. დასასრულს, მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახურ-ქართულ ეკომონიკურ გაერთიანებას საქმიანობაში მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით დაფუძნდა. გაერთიანების მთავარ მისიას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების შექმნა წარმოადგენს, რომელიც ინვესტიციებზე, ტურიზმსა და ქვეყნებს შორის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე იქნება ორიენტირებული. მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana” და „GK logistics“. საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება.