ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ტაშკენტში გაიმართა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე საუბრისას ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას. მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი ციფრული სერვისების ეკოსისტემის ჩამოყალიბება მთელ დერეფანში, რაც შეამცირებს დაყოვნებას და გაზრდის პროგნოზირებადობას, ასევე აუცილებელია არსებით ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების კოორდინაცია, რაც უზრუნველყოფს თითოეული სეგმენტის განვითარებას.
აღნიშნული დერეფნის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორებად მარიამ ქვრივიშვილმა უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება, ასევე მონაცემთა სრული გამჭვირვალობისა და სინქრონიზებული ოპერაციული დაგეგმვის ხელშეწყობა დაასახელა, რომ პარტნიორებმა შეძლონ მოთხოვნის პროგნოზირება, გამტარუნარიანობის მართვა და შეფერხებებზე ერთობლივად რეაგირება.
„ეს ნაბიჯები ერთობლივად მოგვცემს შესაძლებლობას, ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი ინტეგრირებულ, ეფექტიან და მდგრად დერეფნად ვაქციოთ“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, მდგრადი, მწვანე ტრანსპორტის ხელშეწყობისა და დერეფნის გასწვრივ კოორდინაციის მექანიზმების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს ჰარმონიზაციას, ურთიერთთავსებადობასა და ინტეგრირებულ მონაცემთა სისტემებს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გაციფრულება დაკავშირებადობის დღის წესრიგის მთავარ საკითხად რჩება და შეესაბამება ევროკავშირის ციფრული ტრანსპორტის ინიციატივებს.
„საქართველო აგრძელებს ინიციატივების დანერგვას სატრანზიტო პროცედურების გასამარტივებლად და დასაჩქარებლად, მათ შორისაა ელექტრონულ მონაცემთა გაცვლა, საბაჟო პროცესების ავტომატიზაცია, ასევე რეგიონულ და ევროპულ ციფრულ სისტემებთან უფრო მჭიდრო ინტეგრაცია”- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.




