ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს ბელგიური კომპანია  Jan De Nul (იან დე ნულ) განახორციელებს - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ე.წ. დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთია და ის  სწორედ  საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. 

„დავასრულეთ პორტის სამშენებლო კომპანიის შერჩევის პროცესი. კომპანია „იან დე ნულ“ -ს ჰყავს მსოფლიოში უდიდესი სპეციფიკური ფლოტი, რომელიც გამოყენებულ იქნება პორტის სამშენებლო სამუშაო სამუშაოებში, ეს იქნება როგორც ფსკერდაღრმავება, ისე შესაბამისი ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის მოწყობა. ეს არის ძირითადი, უნივერსალური საზღვაო ინფრასტრუქტურა, რომელიც პორტის შემდგომში განვითარების, სხვადასხვა კონფიგურაციის შემთხვევაში იქნება გამოსადეგი. ამიტომ ჩვენ აგვისტოს თვის განმავლობაში კომპანიასთან ვიმუშავებთ ხელშეკრულებაზე - ვფიქრობ, ამას დასჭირდება რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ უკვე სექტემბრიდან ანაკლიის ტერიტორიაზე აქტიური სამშენებლო სამუშაოები ვიხილოთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროს შეადგენს და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანიას საერთაშორისო მასშტაბის საზღვაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს - მათ შორის, აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში. გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვ. 

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, კომპანია „იან დე ნულ“-თან თანამშრომლობა საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს, რომ დათქმულ ვადებში ექსპლუატაციაში მიიღოს ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო მზიდი გემები 2029 წლიდან, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი „შუა დერეფნის“ განვითარების თვალსაზრისით. 

„ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო განვავითაროთ, ხელი შევუწყოთ შუა დერეფნის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, კონკურენტუნარიანობის ზრდას. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს და შუა დერეფნის მარშრუტს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.