მედიანური ხელფასი რომ ავიღოთ, რომელიც ზუსტი მონაცემია, საშუალო ხელფასი 2012 წელს იყო 712 ლარის ოდენობით, 2022 წელს იყო 1543 ლარი და 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით არის 1855 ლარი, რაც 2,6-ჯერ მეტია ვიდრე ეს იყო 2012 წელს - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ლაშა ხუციშვილმა ნაციონალური მოძრაობის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
შესაბამისად, მისი თქმით, ის, რომ მოსახლეობის ხელფასები და შემოსავლები არ იზრდება ეკონომიკის ზრდასთან ერთად - სპეკულაციაა.
ლაშა ხუციშვილის თქმით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა გაორმაგდება.
„ფინანსთა მინისტრობა არ სჭირდება იმის შეფასებას, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტს და ვერც ეკონომიკას გააორმაგებ. მგონი, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ აღნიშნული ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი. შესაბამისად, ის რომ 9%-იანი ზრდით, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში თუ არ გულისხმობენ იმას, რომ ამავე დროს ინფლაცია 4 წლის განმავლობაში მუდმივად იქნება ორნიშნა მაჩვენებელი, სხვა შემთხვევაში, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში ბუნებრივია ვერ გაორმაგდება, შესაბამისად, აქ ზედმეტია შეფასების გაკეთება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.