ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ ბიუჯეტის ბოლო წარდგენაზე, რისი შესაძლებლობა იქნება - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

„ვადასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას ომის ვეტერანების მიმართ. ნამდვილად ფასდაუდებელია ის წვლილი, რაც მათ საქართველოს ერთიანობისთვის, ერთიანობის შენარჩუნებაში გაიღეს. ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ გავაგრძელებთ მუშაობას, იქიდან გამომდინარე, რომ შევაფასებთ უკვე ბოლო წარდგენაზე, რისი შესაძლებლობა იქნება. გეთანხმებით, რომ 100 ლარის ოდენობით თანხა არის ნამდვილად მცირე ოდენობა, თუმცა ობიექტურობისთვის, უნდა აღვნიშნოთ, რომ დამატებით აქ გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათი, რომლის მოცულობა, დაახლოებით, 600 ლარამდეა საშემოსავლო გადასახადში. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული გამოწვევები, თუმცა ვფიქრობ, რომ ერთობლივად შესაძლებელია, გარკვეულწილად მივიდეთ იმ შესაძლებლობამდე, რომ უფრო მეტი სარგებელი მიიღონ ჩვენმა ვეტერანებმა მომდევნო პერიოდში. ეს შეეხება, როგორც ფულადი, ასევე არაფულადი სახით დახმარებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.