საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა 2023 იანვარ-სექტემბრის ენერგობალანსი გამოაქვეყნა.

ესკოს მონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 1 მილიარდ 468 მილიონ 187 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (971,005 მლნ კვტსთ) 51,2%-ით სჭარბობს.

იანვარ-სექტემბერში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა მხოლოდ რეკორდული 2010 წლის მთლიან მოცულობაზე (1 524 288 000 კვტსთ) ნაკლებია, მაგრამ ამავდროულად, 10,7%-ით აღემატება 2010 წლის იანვარ-სექტემბრის მოცულობას (1 326 836 000 კვტსთ).

აღსანიშნავია, რომ ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა გაიზარდა არა ჰიდროელექტროსადგურების ჭარბი გამომუშავების, არამედ თბოელექტროსადგურების  მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ხარჯზე. ელექტროენერგიის საექსპორტო ფასის მნიშვნელოვანი ვარდნასთან ერთად საწვავზე ფასის შემცირებამ, ერთი მხრივ  და პროდუქციაზე ფასის  შემცირების გამო ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მუშაობის მოცულობის შემცირებამ  და თურქეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ, მეორე მხრივ, თბოელექტროსადგურების ზაფხულში მუშაობა გახადა მოგებიანი.

კიდევ უფრო მეტად აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს გავლით ტრანზიტით გასული ელექტროენერგიის მოცულობა (2 069,3 მლრდ კვტსთ) საქართველოდან ექსპორტირებულის მოცულობას 41%-ით აღემატება, ხოლო რეკორდულ 2010 წელთან შედარებით ექსპორტირებული ელექტროენერგიის ხვედრითი წილი მთლიან გამომუშავებაში 17,2%-იდან 13.1%-მდეა შემცირებული და ასეთი დონეც კი თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მკვეთრი ზრდით (353 მილიონ 654 ათასი კვტსთ-იდან  2 მილიარდ  977 ათას კვტსთ-მდე, ზრდა 740%) არის განპირობებული და არა განვითარების პერსპექტივის მქონე მწვანე ენერგიის (ჰიდროელექტროენერგიის) მოცულობის ზრდით. 2010 წლის ცხრა თვეში ჰიდროელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს  7 მილიარდ 352 მილიონ 221 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, 2023 წლის ცხრა თვეში კი 8 მილიარდ 840 მილიონ 263 ათასი კვტსთ (ზრდა 20,2%)