სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 532.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 44.9 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 7.2 პროცენტით შემცირდა და 1 586.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 325.8 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 258.9 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 156.9 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 201.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 173.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 117.2 მლნ. აშშ დოლარით.