საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

ინფლაცია, მიზნობრივ 3-პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით, კვლავ დაბალ დონეზე ნარჩუნდება. მიმდინარე წლის ნოემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 1.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.6 პროცენტი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ დაბალინფლაციური გარემოს შენარჩუნება მეტწილად თანმიმდევრულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაში აისახა. კერძოდ, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტებისა და მომსახურების ფასები, რომელიც შედარებით ხისტია და ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, დაბალი ტემპით იზრდება – წლიურმა ცვლილებამ ნოემბერში 1.8 პროცენტი შეადგინა. ამავდროულად, მიმდინარე წელს ეკონომიკური აქტივობა ძლიერია. წინასწარი მონაცემებით, პირველი ათი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 10 პროცენტია. თუმცა, ძლიერი მოთხოვნის პარალელურად, სებ-ის შეფასებით, ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც გაზრდილია, რაც ძლიერი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას გარკვეულწილად ანეიტრალებს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ იქნება და საშუალოდ 1.2 პროცენტს გაუტოლდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება.

ზემოაღნიშნული ტენდენციების მიუხედავად, ეკონომიკური პერსპექტივა კვლავ მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება. როგორც შიდა საყურადღებო ფაქტორებმა, ასევე რეგიონში არსებულმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ, შესაძლოა ქვეყნის სუვერენული რისკის პრემია გაზარდოს და აქედან გამომდინარე საბოლოოდ ინფლაციური ზეწოლა წარმოქმნას. გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მერყეობა გაზრდილია. კერძოდ, საკვები ნედლეულის საერთაშორისო ფასები ბოლო რამდენიმე თვეა შესამჩნევად იზრდება, რაც ინფლაციურ რისკებს შეიცავს. ამავდროულად მცირედით მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებამაც. ამ ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები ადგილობრივი ბაზრის ფასებსაც გადმოეცემა და ინფლაციური მოლოდინების გაუარესების საფრთხეს წარმოშობს.

ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე ვითარების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის მიმართ ასეთი ფრთხილი მიდგომა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და ინფლაციური რისკების სიმწვავე შემსუბუქდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე, მიმდინარე შეფასებით 7 პროცენტამდე, შემცირებას განაგრძობს. იმ შემთხვევაში კი, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 29 იანვარს ჩატარდება.