2016 წელს საქართველოს ღვინის კლუბი უკვე მეშვიდედ უმასპინძლებს ახალი ღვინის ფესტივალს. ფესტივალი 14 მაისს მთაწმინდის პარკში ჩატარდება და მასში წარმოდგენილი იქნება 2015 წლის მოსავლის ახალი ღვინოები. ფესტივალი ორგანიზატორების განმარტებით, ფესტივალის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.
ფესტივალში მონაწილეობის მიიღებს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და მცირე მარანი. წარმოდგენილი იქნება ოჯახური ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
ახალი ღვინის ფესტივალში ყველას მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა – ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიებიდან – საოჯახო მარნებამდე. ფესტივალის მონაწილეების პოპულარიზაციას ითვალისწინებს ორენოვანი კატალოგი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილე ღვინის მწარმოებლების შესახებ. მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები „საქართველოს ღვინის კლუბისგან“.
2015 წელს ახალი ღვინის ფესტივალმა უმასპინძლა 20 000-ზე მეტ სტუმარს, რომელთა შორის მრავლად იყვნენ უცხოელი ტურისტები. ვიზიტორებს შორის შეინიშნებოდა ახალგაზრდების სიმრავლე. გასულ წელს ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა დიდი მწარმოებელი კომპანია, ასევე, მცირე მარნები და მევენახე გლეხები, რომელთა ღვინოები „საქართველოს ღვინის კლუბმა“ საგანგებო შერჩევის შედეგად რეგიონებში გამოავლინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ, მათმა დიდმა ნაწილმა, ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ საკუთარი წარმოება განავითარა და თანდათან მკვიდრდება ქართულ ბაზარზე.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება და კონკურსი.