უკვე ერთი თვეა სოფლის განვითარების სააგენტომ აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა აამოქმედა, რომელიც მიზნად ისახავს აგროსექტორში თანამედროვე, კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას, წარმოების ზრდასა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას. ახალი პროგრამა ფერმერებისთვის და აგრობიზნესის წარმომადგენლებისთვის საინვესტიციო პროექტების განხორციელების უფრო მოქნილ და ეფექტიან შესაძლებლობებს ქმნის.
ახალ პროგრამას დადებითად აფასებენ ფერმერები. ზურაბ გოჯიაშვილის თქმით, ცვლილებები მნიშვნელოვნად ამარტივებს საინვესტიციო პროექტების დაგეგმვას და სახელწმწიფო მხარდაჭერის პრაქტიკულ გამოყენებას.
„აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა ინვესტიციის განხორციელებისთვის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს, რაც, პირველ რიგში, განპირობებულია სახელმწიფო თანადაფინანსების (სუბსიდიის) კაპიტალდაბანდებაში გამოყენების შესაძლებლობით. ასევე მნიშვნელოვანია დაფინანსების მიზნობრიობის კონტროლის განახლებული პრინციპები. რაც შეეხება პრაქტიკულ გამოყენებას, ამჟამად ჩვენ ფინანსურ მოდელს ვქმნით, რომელიც საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება და ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, აუცილებლად მოგახსენებთ, ადვილი იყო თუ არა პროგრამით სარგებლობა“, - განაცხადა ფერმერმა ზურაბ გოჯიაშვილმა.
აგროთანადაფინანსების პროგრამა ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან შეაფასა ფერმერმა ბექა გონაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციას ხშირად ის ადამიანები ახორციელებენ, რომლებსაც პარალელურად სხვა ბიზნესსაქმიანობაც აქვთ. ახალი მოდელი კი მათთვის ნაკლებად მიმზიდველია, რადგან დაფინანსების მოზიდვა გართულებულია.
„სოფლის მეურნეობაში ინვესტიციას ხშირად ის ადამიანები აკეთებენ, ვისაც სხვა მომიჯნავე ბიზნესი აქვთ. მათთვის ეს მოდელი ნაკლებად მიმზიდველია, რადგან რისკები იზრდება. ბანკებთან მოლაპარაკებაც უფრო რთულდება, რადგან ფერმერს თავიდანვე სჭირდება სრული კაპიტალის მობილიზება. მიკრობიზნესისთვის ეს არ იქნება ადვილი და აქ მგონია, რომ უფრო მეტად შემცირდება მიმართვიანობა. თუმცა, ეს საკმაოდ კარგად ამოქოლავს თაღლითობის შესაძლებლობას, რომელსაც ძალიან ბევრი, ხშირად მიმართავდა - აგროსესხად წაიღებდა ფულს და შეიძლება, ლილოზე შემოეტანა კონტეინერით ტანსაცმელი. ამ თვალსაზრისით, ეს პროექტი ძალიან სწორია“, - განაცხადა ბექა გონაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები მთელი თვის მანძილზე აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამას ფერმერებს რეგიონებში აცნობს და როგორც შეხვედრებისას მათი მხრიდან აღინიშნება, ახალი პროგრამა შემუშავდა წინა წლების გამოცდილებისა და დარგში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. პროგრამაში ასახულია ის პრაქტიკული ცვლილებები და რისკები, რომლებიც სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ უკვე განხორციელებული წინა პროგრამების მიმდინარეობისას გამოიკვეთა. განახლებული მიდგომები მიზნად ისახავს სახელმწიფო რესურსების ეფექტიან გამოყენებას და ფერმერებისთვის საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას




