მიმდინარე წელს მოსალოდნელია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარებადი ეკონომიკების საშუალოდ 4.9%-იანი ზრდა, რაც განპირობებულია რეგიონის სტაბილური ეკონომიკური ზრდის ფონზე ძლიერი შიდა მოთხოვნით, ნახევარგამტარების ექსპორტის გაუმჯობესებითა და ტურიზმის აღდგენით.
აზიის განვითარების პროგნოზის (ADO) 2024 წლის აპრილის გამოცემის მიხედვით, რომელიც აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს გამოაქვეყნა, ეკონომიკური ზრდის იგივე დონე მომდევნო წელსაც შენარჩუნდება. 2024 და 2025 წლებში მოსალოდნელია ინფლაციის შემცირება, მას შემდეგ, რაც გასული ორი წლის განმავლობაში ინფლაციის ზრდას ბიძგი მისცა საკვები პროდუქტების ფასების მატებამ არაერთ ეკონომიკაში.
სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის შედარებით ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რაც განპირობებულია როგორც შიდა მოთხოვნით, ასევე ექსპორტით, აკომპენსირებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ზრდის შემცირებას უძრავი ქონების ბაზრის სისუსტისა და მოხმარების შემცირების გამო. მიმდინარე წელს 7.0%-იანი, ხოლო მომავალ წელს 7.2%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ინდოეთი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად დარჩება. პროგნოზის მიხედვით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს 4.8%-მდე, ხოლო მომავალ წელს 4.5%-მდე შემცირდება, გასულ წელს არსებულ 5.2%-თან შედარებით.
„ჩვენი პროგნოზით, წელს და მომავალ წელს, განვითარებადი აზიის ეკონომიკების უმრავლესობაში მოსალოდნელია ძლიერი, სტაბილური ეკონომიკური ზრდა“ განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა. „მომხმარებელთა ნდობა იზრდება, ხოლო ინვესტიციები, მთლიანობაში, მდგრადი რჩება. როგორც ჩანს, გარე მოთხოვნაც იზრდება, განსაკუთრებით ნახევარგამტარებთან მიმართებით.“
სიფრთხილე მართებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რადგან არსებობს რიგი რისკებისა. მათ შორისაა მიწოდების ჯაჭვების მოშლა, აშშ-ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განუსაზღვრელობა, ექსტრემალური ამინდის ზემოქმედება და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უძრავი ქონების ბაზრის შემდგომი სისუსტეები.
განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში წელს მოსალოდნელია ინფლაციის 3.2%-მდე, ხოლო მომავალ წელს 3.0%-მდე შემცირება ფასებზე გლობალური ზეწოლის შემცირებისა და არაერთი ეკონომიკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სიმკაცრის შენარჩუნების პირობებში. თუმცა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოკლებით, ინფლაცია ჯერ ისევ მაღალი რჩება რეგიონში, კოვიდ-19-ის პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით.
ბრინჯის ფასებმა ხელი შეუწყო სურსათზე ინფლაციის ზრდას, განსაკუთრებით იმპორტზე დამოკიდებულ ეკონომიკებში. აზიის განვითარების პროგნოზის 2024 წლის აპრილის გამოცემის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ბრინჯის ფასები მაღალი დარჩება მიმდინარე წელსაც. ამის მიზეზებია მოსავლის დანაკარგი უამინდობის გამო და ინდოეთის შეზღუდვები ბრინჯის ექსპორტზე. ანგარიშის თანახმად, გადაზიდვის ხარჯების გლობალურმა ზრდამ, რაც გამოწვეულია წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებითა და პანამის არხში არსებული გვალვით, შესაძლოა, ასევე, შეუწყოს ხელი ინფლაციის ზრდას აზიაში.
ბრინჯის ფასების ზრდასთან გამკლავებისა და სასურსათო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მთავრობებს შეუძლიათ მოწყვლად მოსახლეობაზე მიზნობრივი სუბსიდიების გაცემა და ბაზრის გამჭვირვალობისა და მონიტორინგის ზრდა ფასებით მანიპულირებისა და კერძო მარაგების დაგროვების თავიდან ასაცილებლად. საშუალო და გრძელ ვადაში პოლიტიკა უნდა მიიმართოს ბრინჯის სტრატეგიული მარაგების შექმნაზე ფასების დასასტაბილურებლად, მდგრადი ფერმერული საქმიანობის ხელშეწყობაზე, მოსავლის დივერსიფიცირებასა და ინვესტირებაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებსა და ინფრასტრუქტურაში პროდუქტიულობის ასამაღლებლად. ანგარიშის თანახმად, რეგიონულმა თანამშრომლობამ, ასევე, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ბრინჯის ფასებისა და ამ ფასების გავლენის მართვას.