საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 61,5 პროცენტით შემცირდა. საქსტატი აღნიშნავს, რომ კლების გამომწვევი უმთავრესი მიზეზი სავალო ვალდებულებებისა და რეინვესტიციის მოცულობის შემცირებაა.

საქსტატის ცნობით, ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 316 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. მონაცემები აჩვენებს, რომ კლება ფიქსირდება არამხოლოდ გასული წლის იმავე პერიოდთან ($820,3 მლნ) შედარებით, არამედ წინა კვარტალთანაც ($505,7 მლნ).

პირდაპირი ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზე არის აშშ - 51,8 მლნ. აშშ დოლარით. მას მოჰყვება გაერთიანებული სამეფო (45,8 მლნ. აშშ დოლარი), ნიდერლანდი (45,3 მლნ. აშშ დოლარი). ათეულში შედიან საქართველოს მეზობელი ქვეყნები: თურქეთი და აზერბაიჯანი, თუმცა არა სომხეთი და რუსეთი.