გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ ვეტერინარებს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა მათ წვლილს ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფაში.
„ვეტერინარები ცხოველების დროული ვაქცინაციითა და მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობით უზრუნველყოფენ მომხმარებელს უვნებელი სურსათით და, შესაბამისად, იცავენ ადამიანების ჯანმრთელობას. ვეტერინარიის როლი უმნიშვნელოვანესია როგორც სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების, ასევე სასურსათო უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა კახა კაკაბაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მადლობა გადაუხადა ვეტერინარებს გაწეული შრომისთვის და აღნიშნა, რომ მათი საქმიანობის ინდიკატორი ზოონოზური დაავადებების ბოლოდროინდელი სტატისტიკაა.
„შემცირებულია ცოფისა და ჯილეხის შემთხვევები. 2023 წელს გამოვლინდა ცოფით დაავადების 85 შემთხვევა, 2024 წელს - 26. მიმდინარე წლის ოთხი თვის მონაცემებით, გამოვლენილია 2 ფაქტი, რაც გაცილებით ნაკლებია ამავე პერიოდის შარშანდელ მონაცემებთან. დაავადება „თურქულის“ კონტროლის ევროპული კომისიის გადაწყვეტილებით, გადავედით თურქულთან ბრძოლის მე-3 საფეხურზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველთა რეგულარული ვაქცინაციის შედეგად საქართველო კეთილსაიმედო ქვეყნების ჩამონათვალში ჩაეწერა“, - აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ღონისძიებას ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ევროპის რეგიონული წარმომადგენელი ბუდიმირ პლავსიჩი, ასევე აზერბაიჯანის და სომხეთის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს რეგიონში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფას და რაშიც დიდი წვლილი სწორედ საქართველოს ვეტერინარულ სამსახურს მიუძღვის.
ქართველ ვეტერინარებს პროფესიული დღე მიულოცა ვეტერინარიის მსოფლიო ასოციაციის (WVA) პრეზიდენტმა ჯონ დი იანმაც.
„ვეტერინარიის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილია „ცხოველთა ჯანმრთელობას უზრუნველყოფს გუნდი’”, რაც აერთიანებს ვეტერინარებს, პარაპროფესიონალებს, სამთავრობო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებს და ფართო საზოგადოებას, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ როგორც ცხოველების, ისე ადამიანების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ამ კუთხით ვეტერინარების წვლილი ფასდაუდებელია“, -აღნიშნა ვეტერინარიის მსოფლიო ასოციაციის (WVA) პრეზიდენტმა ვიდეომილოცვაში.
კონფერენციის მონაწილეებმა 2025 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ახალ რეგულაციაზე იმსჯელეს, რომლის მიხედვითაც 2026 წლის პირველი იანვრიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. აღნიშნული ხელს შეუწყობს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებული ვეტერინარული მომსახურების განვითარებას.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები, ფერმერები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
დამსახურებულ ვეტერინარებსა და სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. გაიმართა დისკუსია პოტენციურ დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის.
ვეტერინარიის მსოფლიო დღე 2000 წელს ვეტერინარიის მსოფლიო ასოციაციის (WVA) ინიციატივით დაწესდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიის პოპულარიზაციას, ხაზი გაუსვას ვეტერინარების წვლილს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში და გაზარდოს ცნობიერება ვეტერინართა საქმიანობის შესახებ.