თხილის 100 ფერმერი დაესწრო თეორიული და პრაქტიკული ტრენინგის სესიებს თხილის ბაღის სხვლისა და ფორმირების მიმართულებით. ღონისძიება განახორციელა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და აგრიჯორჯიამ (ფერეროს თხილის კომპანია), ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში.
საგანმანათლებლო მოდულის მიზანს საქართველოს თხილის სექტორის წარმომადგენელთა ტექნიკური ცოდნითა და უნარებით აღჭურვა და სხვლის თანამედროვე და ეფექტური პრაქტიკების განხორციელების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ტრენინგზე წარმოდგენილი მეთოდების გამოყენება, აუმჯობესებს მცენარის სიჯანსაღეს, ამცირებს დაავადებების წარმოქმნის რისკებს და პესტიციდის შეტანის საჭიროებას, რაც მნიშვნელოვანია უვნებელი და მაღალი ხარისხის წარმოებისათვის.
საგანმანათლებლო პროგრამა ზუგდიდსა და თელავში გაიმართა, რამაც ცოდნის გაზიარებაზე ფოკუსირებული აქტივობით სარგებლობის შესაძლებლობ მისცა თხილის მწარმოებლებს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოდან. ტრენინგის მონაწილეებმა, თხილის ხის სხვლა-ფორმირების პრაქტიკის მიღმა არსებული თეორია შეისწავლეს. მათ ასევე პრაქტიკული სამუშაოები შეასრულეს ზუგდიდსა და თელავთან არსებულ თხილის ბაღებში.
„ევროკავშირისა და შვედეთის ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, FAO საქართველოში განაგრძობს თხილის სექტორის მხარდაჭერას ცოდნის გაზიარებაზე ფოკუსირებული შესაძლებლობებით“, ამბობს გუიდო აგოსტინუჩი, FAO-ს პროგრამის მენეჯერი. „აგრიჯორჯიასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია FAO-ს ცოდნის გაზიარებისკენ მიმართული აქტივობების წარმატების უზრუნველყოფისა და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. თხილის სექტორში სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესება მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ადგილობრივ ფერმერულ თემებს და საქართველოს, სადაც თხილი ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია“.
„თანამედროვე მეთოდების გაზიარებისა და თხილის ბაღების მართვასთან დაკავშირებულ უშუალო განხილვებში ჩართვით, მწარმოებლებს უკეთ ესმით ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვლის სათანადო პრაქტიკის გამოყენება — მას პირდაპირი გავლენა აქვს მცენარის ზოგად სიჯანსაღეზე”, ამბობს თამარი ოთხმეზური, FAO-ს აგრონომიისა და ექსტენციის სპეციალისტი.
“ევროკავშირი კვლავ გულმოდგინედ უჭერს მხარს საქართველოს თხილის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებას“, განაცხადა დენის რაისმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მდგრადი სასურსათო სისტემების პროგრამის მენეჯერმა. „ევროკავშირის ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად აუცილებელია მდგრადი პრაქტიკების დანერგვა, რომლებიც ფერმერების კონკურენტუნარიანობას აძლიერებს და უზრუნველყოფს მათი პროდუქციის მოთხოვნილ ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობას.“
2025 წელს, FAO-მ წარმატებით ითანამშრომლა კერძო სექტორთან და კერძოდ აგრიჯორჯიასთან. შედეგად, თხილის 260-მა ფერმერმა მიიღო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რაც მათ სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაში ეხმარება თხილის წარმოების კუთხით. ამასთანავე, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, FAO თხილის ფერმერებისთვის თანამონაწილეობრივ გრანტებს გასცემს შრობის გაუმჯობესებული პრაქტიკის ხელშესაწყობად, რაც აუცილებელია სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებისთვის. ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის მიღების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყო FAO-ს საგანმანათლებლო შეხვედრებზე დასწრება, მათ შორის აგრიჯორჯიასთან პარტნიორობით განხორციელებულ ტრენინგებზე.
___
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshi/
პროექტის შესახებ
ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.








