იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ჭიათურაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევმა 3 კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა, რომლის ტრანსპორტირებასაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა.
ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის-სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში. ავტომანქანა დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ჭიათურის საქმიან ეზოში.
„ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სატყეო სამსახურების თანამშრომლები სისტემურ პატრულირებას ახორციელებენ, ამავდროულად, თანამედროვე ტექნოლოგიების - ვიდეოხაფანგებისა და დრონების საშუალებით უწყვეტად მიმდინარეობს მონიტორინგი. ნებისმერ სამართალდარღვევაზე ტარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები. ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან ბრძოლა სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისათვის, რომ შევძლოთ მინიმუმადე დავიყვანოთ კანონდარღვევის ფაქტები“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.










