საქართველოს კიდევ ბევრი პატრიარქი ეყოლება და უნდა ჰყავდეს კიდევაც, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორია აუცილებლად უკვდავი იქნება, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახური კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოს კიდევ ბევრი პატრიარქი ეყოლება და უნდა ჰყავდეს კიდევაც, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორია აუცილებლად უკვდავი იქნება. მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ისეთი სულიერი მოძღვარი და ერის წინამძღოლი, როგორიც მისი უწმინდესობა ილია II იყო საქართველოს ფიზიკურად ვეღარ ეყოლება, რადგან ჩვენს პატრიარქს მოღვაწეობა რთულ და ქვეყნისათვის გარდამტეხ პერიოდებში მოუწია. ამიტომ, ფიზიკურად მისნაირი პერსონა რომ გახდეს ადამიანი, ასეთივე პერიოდში უნდა მოღვაწეობდეს და იმედია, მსგავსი რთული ვითარება საქართველოს ისტორიაში აღარასდროს იქნება. ვგულისხმობ კომუნისტურ პერიოდს, როდესაც რწმენა იკრძალებოდა, შემდეგ სამოქალაქო ომს, რევოლუციებსა და კატაკლიზმებს. ვგულისხმობ ბრძოლას ეკლესიის, საპატრიარქოსა და საერთოდ სარწმუნოების წინააღმდეგ. მსოფლიო ტრენდს, რომ მორწმუნეობა ეს რაღაცა სიბნელეა და ა.შ. ილია მეორემ მაინც შეძლო და არამხოლოდ შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას სარწმუნოება, არამედ ახალგაზრდა ადამიანებშიც კი, რომლებიც სხვა ვითარებაში გაიზარდნენ და ამავდროულად, როდესაც თითქმის მთელი მსოფლიო ცდილობდა იმ პროპაგანდის განმტკიცებას, რომ მორწმუნე ადამიანი ბნელია, ჩვენმა პატრიარქმა ბევრს გაუღვიძა რელიგიის მიმართ პატივისცემის განცდა.

უწმინდესმა ურთულესი გზის გავლა შეძლო და ამ გზაზე ბევრი ადამიანის სული გადაარჩინა. მისი უწმინდესობა ერთიანად იყო როგორც სიმშვიდის, ისე ადამიანობის, სიკეთის, უაღრესად დიდი სიბრძნის, სიხარულისა და სიმშვიდის მატარებელი. ვისაც მასთან თუნდაც ერთი წუთით მაინც ჰქონია შეხვედრის ბედნიერება, ალბათ, დამიდასტურებს თუ რამდენად წყნარდებოდა ადამიანი სულიერად და გონებრივად ამ დროს. ნამდვილად არ ვარ სპეციალისტი და არც ამ საკითხების მცოდნე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად დადგება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის წმინდანად შერაცხვის საკითხი", - წერს კახა კახიშვილი.

ცნობისთვის,

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

12:15 საათიდან კი სამების ტაძარში კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.

ცერემონიას დაესწრება სხვადასხვა დელეგაცია, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს სამების ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება. ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე, მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი, ასევე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგონ პატივი უწმინდესს.

უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.