ეროვნულ გალერეაში ვახტანგ მუსხელიშვილის გამოფენა „რუბიკონი“ გაიხსნა. გამოფენის ორგანიზატორია გალერეა „ვანდა“. ექსპოზიცია წარმოგვიდგენს მხატვრის მიერ ბოლო დროს შექმნილ ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს. 

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ გალერეა „ვანდას” დირექტორი და გამოფენის კურატორი ვანდა მუჯირი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვა სტუმრები.


ვახტანგ მუსხელიშვილი (ვახო მუსხელი) თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, 90-იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც უკვე 30 წელია ცხოვრობს. ამჟამად იგი სიეტლში საქმიანობს. დღეს ვახო მუსხელი აღიარებული მხატვარია ამერიკაშიც და სამშობლოშიც, მისი ნამუშევრები კი არაერთი ქვეყნის სახელმწიფო თუ კერძო კოლექციაშია დაცული.


შემოქმედის მხატვრული ხედვა ყოველთვის განსხვავებულია. ყველაფერი, რასაც ტილოზე ასახავს, მხატვრის პირადი ემოციის ილუსტრაციაა. ვახო მუსხელისთვის ტილოსთან ურთიერთობა სამყაროსთან ურთიერთობის ტოლფასია, თითოეული ნახატი კი ცალკეული სიტყვაა ერთი ამბისა, რომელსაც ის სამყაროს შესახებ მოგვითხრობს.
ეროვნულ გალერეაში ვახტანგ მუსხელიშვილის ნამუშევრების ნახვას საზოგადოება 11 აგვისტომდე შეძლებს.