ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასრულდა თანამედროვე სტანდარტის ახალი საჩოგბურთო ცენტრის მშენებლობა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო: ჩოგბურთის 3 ღია კორტი ტრიბუნით, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები. ცენტრის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილებისა და პარკირებისთვის.

ახალ საჩოგბურთო ცენტრში პროფესიონალი და მოყვარული ჩოგბურთელები შეძლებენ როგორც ვარჯიშს, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას.  

პროექტი „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ (PIRDP) ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტისა და ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 2 275 044 ლარი შეადგინა.