თბილისის მერია ვერის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყებს. აღნიშნული პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება.
„ვერის პარკი ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული რეკრეაციული სივრცეა. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მას გააჩნია როგორც საუბნო, ისე საქალაქო მნიშვნელობა. თავისი ფუნქციური დანიშნულებით ის გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანზე. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა არსებული გეგმარებისა და აქტივობების შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და ახალი, გარემოსთვის შესაფერისი ფუნქციების ინტეგრაციას. ვერის პარკის რეაბილიტაციის შემდეგ თბილისს შეემატება კეთილმოწყობილი, თანამედროვე საინჟინრო სისტემებით აღჭურვილი, თანამედროვე რეკრეაციული და გასართობი სივრცე, რომელიც მორგებული იქნება სხვადასხვა ინტერესისა და ასაკის ნებისმიერ ადამიანზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პარკს დაემატება სანიაღვრე სისტემა, ხოლო უსისტემო გაყვანილობები შეიცვლება და გრუნტში დაიმალება.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ორი საბავშვო მოედანი ასაკის მიხედვით – ერთიდან სამ წლამდე და სამიდან 12 წლამდე ბავშვებისთვის; ასევე, მოეწყობა ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სასმელი წყლის სოკოები, საპარკო ავეჯი, მოსასვენებელი პავილიონი, სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, ბელვედერი, ადმინისტრაციული შენობა და საპირფარეშო. პარკში არსებული მრავალწლოვანი ხე-მცენარეები შენარჩუნდება და, ამასთან, გამწვანებული სივრცეებიც გაჩნდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის ბოლომდე დასრულდება.