საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 30 აგვისტოს ეკონომიკური ზრდის, 3 სექტემბერს კი ინფლაციის დონის შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები.

სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა (ინდექსაცია) ხდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ინფლაციის და მშპ-ს მაჩვენებლების შესახებ გამოქვეყნებული მონაცემებიდან და არსებული ტენდენციიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის მომენტისთვის 12 თვის (ოქტომბერი 2023 წელი - სექტემბერი 2024 წელი) საშუალო ინფლაცია იქნება 0,9%, ხოლო ბოლო ექვსი კვარტალის (2023 წლის 4 კვარტალი და 2024 წლის 2 კვარტალი) მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალოს 80% კი 6,4%.

შესაბამისად, პენსიის მოცულობის მოსალოდნელი ზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის არის 20 ლარი (კანონით გათვალისწინებული ზრდის მინიმალური ოდენობა), ხოლო 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის კი პენსიის მოსალოდნელი მატების შესახებ პროგნოზის გაკეთება კი რთულია გამომდინარე სექტემბრისთვის არსებული მდგომარეობიდან.

მშპ-ს რეალური ზრდის მონაცემები:

I კვარტალი, 2023წ - 8,2%
II კვარტალი, 2023წ - 8,1%
III კვარტალი, 2023წ - 7,0%
IV კვარტალი, 2023წ - 6,9%
I კვარტალი, 2024წ - 8,4%
II კვარტალი, 2024წ - 9,5%

მშპ-ს რეალური ზრდის საშუალოს 80% - 6,4%

ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი:

ოქტომბერი, 2022წ - 4,1%
ნოემბერი, 2022წ - 3,2%
დეკემბერი, 2022წ - 2,5%
იანვარი, 2023წ - 1,7%
თებერვალი, 2023წ - 1,1%
მარტი, 2023წ - 0,7%
აპრილი, 2023წ - 0,6%
მაისი, 2023წ - 0,7%
ივნისი, 2023წ - 0,8%
ივლისი, 2023წ - 0,9%
აგვისტო, 2023წ - 0,9%

ტენდენციიდან გამომდინარე არსებობს მოლოდინი, რომ სექტემბერში ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, თუმცა 0,1%-ული პუნქტით კლების შემთხვევაშიც კი 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერთა პენსია გაიზრდება არა 35, არამედ 30 ლარით, რადგან 415 ლარის 7,3%-ით (6,4%+0,9%) ზრდა ნიშნავს 30,30 ლარით ანუ 35 ლარით პენსიით მატებას, ხოლო 415 ლარის 7,2%-ით (6,4%+0,8%) ზრდა კი 29,88 ლარით პენსიის მატებას (კანონის თანახმად, თუ დადგენილი წესით გაზრდილი პენსიის ოდენობა 5-ის ჯერად რიცხვზე ნაკლებია, პენსიის ოდენობა მრგვალდება მეტობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე).

აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტულ პერიოდში არსებულ სიტუაციაში პენსიის მატების ოდენობაზე რიცხვების გამრავლება-გაყოფის და დამრგვალების პროცედურამაც კი შეიძლება მოახდინოს გავლენა. მაგალითად, ვთქვათ, თუ მშპ-ს რეალური ზრდის 80% მეასედების სიზუსტით შეადგენს 6,42%-ს, ხოლო ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 0,84%-ს და პენსიის მატების ოდენობის გამოთვლისას რიცხვებს დავამრგვალებთ, შევკრებთ და ვიანგარიშებთ, ვიღებთ 29,88=30 ლარს, ხოლო თუ რიცხვებს მეათედებამდე დაუმრგვალებლად შევკრებთ და ვიანგარიშებთ, მაშინ ვიღებთ 30,13=35 ლარს.