საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

უწყების ცნობით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისას ირაკლი ეძგვერაძემ ხელი შეუშალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან. ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად“, – აცხადებენ შსს-ში.