რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივს აქვს შიშის ლეგიტიმური უფლება, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დევი ტაბიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივს აქვს შიშის ლეგიტიმური უფლება, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დევი ტაბიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„კოლექტივს სჭირდება რეალური პროექტი, რომელიც განიხილება მათთან ერთად, შესწავლილი იქნება და ყველაფერი გეგმაზომიერად განვითარდება. ყველაზე მთავარი პროცესი, რაც აღელვებს ჩვენს კოლექტივს, არის ის, რომ მათ არ უნდათ, დაკარგონ სამსახური. ამის ლეგიტიმური უფლება მათ აქვთ და შიშისაც, რადგან წინ აქვთ იგივე ონკოლოგიური საავადმყოფო, რომელიც არ გარემონტდა, ბავშვთა ინფექციური, რომელიც ასევე პრაქტიკულად, გაუბედურებულ მდგომარეობაში დგას, ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორია, რომელზეც ორი უშველებელი კორპუსია აშენებული და ა.შ. ასე რომ, კოლექტივს ამის შიშის ლეგიტიმური უფლება ნამდვილად აქვს“, – განაცხადა ტაბიძემ.
მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივის მოთხოვნები არც თუ ისე რთული დასაკმაყოფილებელია.
„ისინი ითხოვენ შეხვედრას დარგის პირველ პირებთან და შეხვედრას პრემიერთან. მათ აინტერესებთ განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელიც თავისი თვალით უნდა ნახონ. ეს არის და ეს“, – განაცხადა ტაბიძემ.შეკითხვაზე, არსებობს თუ არა რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირობები ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით და სჭირდება თუ არა კლინიკას განახლება და ახალი სივრცე, დევი ტაბიძემ განაცხადა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის და არის პრობლემები, რომლის აღმოფხვრაც შესაძლებელია.
„კოლექტივს ცალმხრივი გადაწყვეტილება არ აწყობს. რამდენი ზემოქმედებაც არ უნდა მოვახდინოთ, ისინი მაინც თავის მოსაზრებებს იცავენ და თვლიან, რომ ეს აბსოლუტურად ლოგიკურია – თანამშრომლების შენარჩუნება, სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარება, სამკურნალო ღონისძიებების არშეჩერება. ამ ყველაფრის დარეგულირება არ არის რთული, თუ ჩვენს კოლექტივს ექნება სწორი ინფორმაცია“, – განაცხადა ტაბიძემ.
მისი თქმით, ქალაქში ხმა დაირხა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დაიხურა და ამის გამო პაციენტთა რაოდენობა საოცრად არის შემცირებული, რაც ხელფასებზეც აისახება.
„ხვალ-ზეგ ხელფასებია გასაცემი და ამის პრობლემაც დგას“, – განაცხადა ტაბიძემ.
შეკითხვაზე, რატომ დატოვა თანამდებობა კლინიკის დირექტორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა, რომ ზუსტი მიზეზი არ იცის, თუმცა როგორც ჩანს, მას ჰქონდა შეგრძნება, რომ სახელმწიფოს მიერ პროექტი არ შეიცვლება.
„აი, დაახლოებით ესაა, რა ინფორმაციაც მე მაქვს და ასეთივე განწყობაა კოლექტივშიც“, – განაცხადა ტაბიძემ.
შეკითხვაზე, საჭიროა თუ არა კლინიკების დიდი ნაწილის კერძო მფლობელობაში არსებობის ფონზე სახელმწიფო კლინიკების უფრო აქტიურად განვითარება და გაძლიერება, დევი ტაბიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს სახელმწიფო კლინიკა.
„მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ დაცულობის განცდა, რომ არსებობს სახელმწიფო კლინიკა, რომ ყველა კლინიკა პრივატული არ არის და ვერ მივა. ყველა არ არის დაზღვეული, ძალიან მცირე რაოდენობაა იმ ადამიანებისა, რომლებიც პრაქტიკულად, უმუშევარია და საყოველთაო ჯანდაცვის რეესტრში არიან განაწილებული. ასეთი ადამიანებისთვის ნებისმიერ განვითარებულ, თუ განვითარებად ქვეყანაში ერთი ე.წ. სახალხო კლინიკა უნდა არსებობდეს“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.