ისეთი ადამიანები, რომლებიც მისი პატრიარქობის დროს დაიბადნენ, რომლებსაც, მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორით უნახავს უწმინდესი, ან ტაძარში, შორიდან ამბიონზე, პირჯვარს ისახავენ ქედს უდრიკავენ, ცრემლებს იწმინდავენ, - ამის შესახებ არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილმა) პირველი არხის ეთერში ისაუბრა.
„ტაძარში მის ფეხებთან ვდგავარ და ვუყურებ, ხალხი ორ ნაკადად შემოდის, მარჯვნიდან, მარცხნიდან. გუშინ საოცარი რამ იყო, მოხუცებული ქალი, რომელმაც დამიძახა, ახლოს მივედი... 88 წლის ქალი საგანგებოდ ჩამოსული იყო უდედან. უდე ეს არის ჯავახეთის უკიდურესი სოფელი, კათოლიკური სოფელი. ძირითადად კათოლიკეები ცხოვრობენ, ვიღაცები გახდნენ მართლმადიდებლები, დაუბრუნდნენ თავიანთ ძველ აღმსარებლობას. სამწუხაროდ, სახელი ვერ ვკითხე ამ ქალბატონს, ის ბედნიერი იყო, ილოცებოდა, ლოცვას უთვლიდა უწმინდესს, არც უთხოვია ახლოს მისულიყო, ბედნიერი იყო, რომ ჩამოვიდა და ნახა ეს ღვაწლმოსილი ადამიანი, 88 წლის ქალმა.
ახალგაზრდები შემოდიან, ვაკვირდები მათ გამომეტყველებას, უკლებლივ ყველა თვალცრემლიანია. ისეთი ადამიანები, რომლებიც მისი პატრიარქობის დროს დაიბადნენ, რომლებსაც, მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორით უნახავს უწმინდესი, ან ტაძარში, შორიდან ამბიონზე, პირჯვარს ისახავენ ქედს უდრიკავენ, ცრემლებს იწმინდავენ. ასეთი რამ თუ მოხდებოდა... მაპატიე ჩემო უწმინდესო, რომ ასე ვამბობ, მაგრამ ამას ვერ წარმოვიდგენდი ვერასოდეს. ვიცოდი, რომ ერს უყვარდა, ვიცოდი, რომ ხალხს უყვარდა, ვიცოდი, რომ მისი ლოცვის შემყურე იყო ყველა, მაგრამ ამდენ სიყვარულს, ამდენ ცრემლს თუ ვნახავდი, მისი გარდაცვალების შემდეგ, ვერ წარმოვიდგენდი“, - ამბობს არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი).









