სტუდენტობა, როგორც რაციონალური ძალა, რომელიც ანტიპიარს წამოეგო და აქციაზე გამოვიდა, ოპოზიციამ პოლიტიკურ სატყუარად აქცია და „ხალხის ძალასთან“ და სახელისუფლებო გუნდთან მათი სიცოცხლით ივაჭრა, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, „ხალხის ძალამ“ და სახელისუფლებო გუნდმა ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივად მიღებული გამარჯვება დათმო მხოლოდ იმიტომ, რომ შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდების ინტერესი და სიცოცხლე დააყენა პირველ ადგილზე.
„ყველა განვითარებული მოვლენა, რომელსაც თვალყურს ვადევნებდით, რა თქმა უნდა, მიზნად ისახავდა ერთს - ქართულ სახელმწიფოში გადატრიალების მოწყობას, ერთგვარ რევოლუციას, რომლის შედეგადაც, დიდი ალბათობით, ანტისახელმწიფოებრივი, დესტრუქციული ძალა მოვიდოდა სათავეში. გაკვირვებას ვერ ვმალავდი, როდესაც დაძაბული სიტუაციიდან ერთი საათის ინტერვალში, მათ შორის, „ქართულ ოცნებაში“ ჩაბუდებულმა გარკვეულმა პირებმა დაიწყეს სტატუსების წაშლა თუ თავის გახსენება „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ამ მხრივ, ნამდვილად, გაკვეთილი მივიღეთ და ეს მდგომარეობა გასატარებელი და მხედველობის მიღმა დასატოვებელი არ არის.
სახელისუფლებო გუნდი არის ჰუმანური და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული ძალა, რომელიც ამ ქვეყანაში ომს არ დაუშვებს. ქართველი ხალხის ძალიან დიდი მონაპოვარი ამ ძალის სახით არის ის, რომ „ქართული ოცნება“ არასდროს არ მიდის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
ბევრმა მითხრა, რატომ დავიხიეთ უკან, ხომ არ წააგო „ხალხის ძალამ“ ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ვიტყვი, რომ არ წაგვიგია - ჩვენ დათმობაზე წავედით და მოვიგეთ აქციაზე მდგომი თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ვეჭვობდით რა, რომ ოპოზიცია რევოლუციური მუხტისთვის სისხლის ღვრას დაუშვებდა.
ჩვენ, „ხალხის ძალას“, ხელისუფლებასთან ერთად, ძალიან მარტივად შეგვეძლო დესტრუქციული ოპოზიციისთვის ჩვენს მიერ პროცედურულად მოპოვებული ყველა გამარჯვება არ დაგვეთმო, მაგრამ ეს გავაკეთეთ. ყველა სვლა, რომელიც სამართლებრივად, გამარჯვების ტოლფასად გვქონდა, დავთმეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აქციის ორგანიზატორებს, რომლებიც რუსთაველზე იყვნენ შეკრებილნი, მათი ნანატრი, რევოლუციური სცენარი არ გაემეორებინათ. „ხალხის ძალამ“ და სახელისუფლებო გუნდმა გამარჯვება დათმო ახალგაზრდა სტუდენტების სიცოცხლისთვის (ტყუილად არ მითქვამს, რომ ოპოზიციური სპექტრის მხრიდან სახელისუფლებო გუნდის მიმართ ვაჭრობა იყო), ეს ბრძოლა ჩვენ დავთმეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდების ინტერესი ყოფილიყო პირველადი.
ქართული სახელმწიფოს არჩევანი არის მშვიდობა (და ეს გამოჩნდა კიდეც), დესტრუქციული ძალის არჩევანი არის ომი, რევოლუცია. ამ დესტრუქციულმა ძალამ ახალგაზრდების ემოცია და მათი ამ საკითხში გაუთვითცნობიერებლობა მათივე მომავლის საწინააღმდეგოდ გამოიყენა და ამიტომ, ახალგაზრდების სისხლისღვრის საფრთხის გამო, ორივე კანონპროექტი ჩავაგდეთ“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.