განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

მეორე მოსმენით ცვლილებები კომიტეტის წევრებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ გააცნო.

კანონპროექტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 წლით. ამასთან, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელი იქნება, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეუსრულდეს.

ცვლილებების თანახმად, სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონების გამოყენების ზოგად პირობებს. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება, რომლის ნიმუშსაც ასევე სამინისტრო დაამტკიცებს.