გუშინ, დანიაში, მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ხორვატიამ, ისლანდია დაამარცხა და ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ხორვატის ნაკრების წარმატებულ ასპარეზობას ხორვატების აღტაცება მოჰყვა და ქვეყანა თავისი გმირების დასახვედრად მზადებას შეუდგა. სწორედ ამას მოჰყვა ქვეყნის ხელისუფლების სხვადასხვა შტოთა შორის მწვავე დაპირისპირება.
ხორვატიის ხელბურთის ფედერაციამ სურვილი გამოთქვა, რომ ხელბურთელთა დახვედრის ცერემონიალზე სხვებთან ერთად მიწვეული ყოფილიყო სკანდალურად ცნობილი მომღერალი მარკო პერკოვიჩ-ტომპსონი. თუმცა, ზაგრების მუნიციპალიტეტი ამას არ დაეთანხმა, რადგან ქალაქმა ცოტა ხნის წინ აკრძალა იმ მუსიკოსების გამოსვლები, რომლებიც «Za dom spremni» იყენებენ. ქალაქის მერის, ტომისლავ ტომაშევიჩის თქმით, ტომპსონის გამოსვლა ამ გადაწყვეტილების დარღვევა იქნებოდა. თავის მხრივ, ხელბურთის ფედერაციამ უარი თქვა დახვედრის ორგანიზებაზე.
დღევანდელ სხდომაზე ხორვატიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ზაგრებში ხელბურთელთა მიღების ორგანიზება, საკუთარ თავზე აეღო. სხდომის შემდეგ, სპორტის მინისტრმა ტონჩი გლავინამ განაცხადა, რომ ყველა ხელბურთელის სურვილი გათვალისწინებული იქნება. „მთავრობას უყვარს სპორტი და ამბობს „დიახ“ სპორტს, „დიახ“ ხელბურთს, ერს და ხორვატიულ პატრიოტულ სიმღერებს“, - დასძინა მან და ამის შემდეგ ზაგრების ცენტრალურ მოედანზე ხელბურთელთა დახვედრისთვის დაიწყეს მზადება.
მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, ზაგრების მუნიციპალიტეტმა განაცხადა, რომ ქალაქში ნებისმიერი ღონისძიების ჩასატარებლად მუნიციპალური ნებართვაა საჭირო. მთავრობას ეს ჯერ არ მოუთხოვია,
„ეს არის სახელმწიფო თავდასხმა ქალაქ ზაგრებზე. ეს კონსტიტუციის დარღვევაა“, - თქვა ტომისლავ ტომაშევიჩმა დააამატა, რომ ნებართვის არარსებობის მიუხედავად, პოლიცია გვერდს უვლის კანონს და ქალაქის პოლიციის თანამშრომლებს ქალაქის გადაწყვეტილებებისადმი დაუმორჩილებლობას უბრძანებს.
საზეიმო დახვედრის ცერემონიალი უკვე დაწყებულია. ხელბურთელები, რომლებიც მოედანზე შეკრებილ ხალხთან ავტობუსით გაემგზავრნენ და გზაში ტომპსონის სიმღერებს მღეროდნენ, სცენაზე ავიდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წუთი წუთზე სცენაზე ტომპსონი გამოჩნდება
ცნობისთვის, ხორვატიის მთავრობის მეთაურია ხორვატიის დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე ანდრეი პლენკოვიჩი, ზაგრების მერი ტომისლავ ტომაშევიჩი ქვეყნის მმართველ ხელისუფლებასთან ოპოზიციაში მყოფი მემარცხენეების და მწვანეების კოალიციის წარმომადგენელია.




