შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასეთი განცხადება თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ორშაბათიდან სამშაბათის ღამით რუსეთმა უკრაინაზე მასირებული იერიში მიიტანა და არაერთი ქალაქი და ენერგეტიკული ობიექტი დაბომბა.

რუსებმა უგულებელყვეს აშშ-ის თხოვნა. მათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და 3 თებერვლის ღამეს  უკრაინაზე და მის ენერგეტიკულ ობიექტებზე ძლიერი დარტყმა განახორციელეს, - განაცხადა გუშინ შუადღისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის მოსახლეობისადმი თავის საღამოს ვიდეომიმართვაში მან აღნიშნა, რომ ის აშშ-ის პასუხს ელოდება, რადგან ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეჩერება დონალდ ტრამპის პირადი თხოვნა იყო.

მალევე თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ მან დილით რუსეთის დარტყმები განიხილა პრეზიდენტ ტრამპთან, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების ერთი კვირით შეჩერების პირობა დადო.

ლივიტის თქმით, პრეზიდენტს არ გაჰკვირებია ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმა.

„ეს ორი ქვეყანა რამდენიმე წელია უკიდურესად სასტიკ ომს აწარმოებს. ომს, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისეც რომ ყოფილიყო იმ დროს თანამდებობაზე. ეს დაიწყო წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სისუსტისა და არაკომპეტენტურობის გამო“, - განაცხადა პრესმდივანმა.

გუშინ, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის მიერ უკრაინის ბოლო დაბომბვების შესახებ ჰკითხეს და შეახსენეს მისი სიტყვები, რომლის თანახმადაც პუტინმა მას პირობა მისცა, რომ ძლიერი ყინვების გამო ერთი კვირის განმავლობაში შეაჩერებდა დარტყმებს უკრაინაზე.

შეთანხმება „კვირიდან კვირამდე იყო და დასრულდა. და გუშინ ღამით მან ძლიერად დაარტყა. მან თავისი დანაპირები შეასრულა. ეს ცოტა (დრო - „აიპრესი“) არ იყო. იცით, ჩვენ ერთ კვირაზე შევთანხმდით, რადგან იქ ძალიან ძლიერი ყინვაა. მაგრამ ეს იყო კვირას და ეს <დრო> კვირიდან კვირამდე იყო“, - თქვა ტრამპმა და დამატებით კითხვაზე, იმედგაცრუებულია თუ არა, რომ პაუზა დიდხანს არ გაგრძელდა მიუგო:

თუ გაგრძელდებოდა, „მომეწონებოდა. მინდა რომ მან ომი დაასრულოს. მე ველაპარაკე მას. მე მინდა, რომ მან ომი დაასრულოს“.