რუსული პროპაგანდის შემზარავი ეფექტი ყველაზე მეტად მაშინ ჩანს, როცა ადამიანები მორალური უპირატესობის განცდით ემსახურებიან პროპაგანდისტულ ამოცანებს. 
რუსული პროპაგანდის ამოცანა არ არის, ვინმე დაარწმუნოს რომ რუსეთი მართალი, უდანაშაულო და კარგია. 
რუსული პროპაგანდის ამოცანაა, ობიექტი დაარწმუნოს, რომ ერთი სიმართლე არ არსებობს, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს და რომ ობიექტიც - მტყუანია.  - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"რუსული პროპაგანდა არ ეყრდნობა ხარისხს - რუსული პროპაგანდის წარმატების საიდუმლო მის მრავალარხიანობაში, მრავალჟანრიანობაში და ინტენსიურობაშია. 
როგორი აბსურდიც არ უნდა იყოს, ის თავის მიზანს აღწევს თუ ისმის ხშირად, ისმის ყველგან, ისმის ყველასგან - ტელევიზიაში, ინტერნეტში, გაზეთში, ავტობუსის გაჩერებაზე, კინოში, ბირჟაზე... 

რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღი არაა ის ხალხი, რომელიც ამ პროპაგანდას გამიზნულად ავრცელებს. 
რუსული პროპაგანდის მთავარი იარაღი სასარგებლო იდიოტთა არმიაა, რომლებსაც თვითგვემა, საკუთარ თავში შეცდომების ძიება, აგრესორის საკუთარი შეცდომებით გამართლება მორალური უპირატესობის განცდას ანიჭებს და სიმართლის დადგენას ხელს უშლის „განსხვავებული აზრის პატივისცემის“ იმპერატივით - ისინი მორალური აპლომბით გიმტკიცებენ, რომ რუსეთისგან არც შენ განსხვავდები, იმიტომ რომ განსხვავებულ აზრს პატივს არ სცემ - გამქრალია გამოხატვის თავისუფლების მთავარი პრინციპი, რომ აზრი კი არაა პატივსაცემი, ამ აზრის გამოხატვის უფლებაა პატივსაცემი. 

ახლაც, ალაგ - ალაგ ვკითხულობ მორალური უპირატესობის განცდით გაჟღენთილ პოსტებს აფხაზეთზე და „ჩვენს ბრალზე“ და ერთი ინციდენტი მახსენდება: 
მრავალი წლის წინ, ჩემმა მეგობარმა დახმარება მთხოვა. 
რომელიღაც სახელმწიფო ორგანიზაციაში მუშაობდა უხელფასო სტაჟიორად, ვაკანსიები გამოაცხადეს და ხელფასიანი სამსახურის დაწყება სურდა. 


ჩემი მეორე მეგობარი იყო ამ ორგანიზაციაში მაღალ თანამდებობაზე და შევეხმიანე მეთქი, თუ აკმაყოფილებს პირობებს და სტაჟირება კარგად გაიარა, ყურადღება ვთხოვე. 
მოიკითხა ჩემმა მეგობარმა და გახარებულმა დამირეკა, უფრო საინტერესო საქმე შეიძლება შევთავაზო, ჩემს საკურაციო განყოფილებაშია ვაკანსია და მისი მონაცემების ადამიანი გვჭირდებაო - ვიღაცის თანაშემწე უნდა ყოფილიყო (კაცი იყო თუ ქალი, ცხადია არც მიკითხავს). 
ძალიან გახარებული იყო ჩემი მეგობარი, რომელმაც პირველი ხელფასიანი სამსახური იშოვა, დამირეკა აჟიტირებულმა - მადლობებით. 
გადის სამი დღე და ისევ მირეკავს - ვერ დავიწყებ მუშაობას და ბოდიში უნდა მოგიხადოთ შენც და შენს მეგობარსაცო.
მეთქი რატომ? 
ქმარი მიშლისო, კაციაო, ვისი თანაშემწეც უნდა ვიყოო. 
გამოვშტერდი. 


მეთქი, რას იძახით - ჩემს ქმარს არ ვუყვარვარ, რადგან კაცებთან ვმუშაობ? რას ბოდავთ ... მეგონა თვალებიდან და ყურებიდან სისხლი წამომივიდა, ისეთ შოკში ვიყავი. 
მაგრამ უარესი შოკი მელოდებოდა... ჩემი ბრალიაო მითხრა! ძალიან გახარებული მოვედი სახლშიო! არ უნდა ვყოფილიყავი ასეთი აჟიტირებული და არ გაღიზიანდებოდაო.
რა უნდა მექნა? უძალობისგან დავსევდიანდი. 
დავსევდიანდი იმით, რომ ვხედავდი აგრესიის მსხვერპლს, რომელიც საკუთარ თავს ადანაშაულებდა აგრესორის საქციელში, მხოლოდ იმიტომ, რომ მას პირველი ხელფასიანი სამსახური გაუხარდა - და ვერაფერს ვშვებოდი, რა უნდა მექნა? 

ახლაც ვხედავ აფხაზეთიდან რამდენიმე დევნილის მორალური უპირატესობის განცდით დაწერილ პოსტს და ვკითხულობ, როგორ ადანაშაულებენ საკუთარ თავებს რუსეთის აგრესიაში. 
და ვფიქრობ, როგორ გავხადო ასეთივე ცხადი მათთვის ის, რაც ჩემთვისაა ცხადი - როგორ გავაგებინო, რომ სტოკჰოლმის სინდრომით შეპყრობილი, რუსული პროპაგანდის მსხვერპლები არიან და რომ რუსეთთან დაპირისპირებაში საკუთარი ბრალის ძიება, არათუ მორალური უპირატესობის საფუძველი, არამედ მორალური კრახია." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".