გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ერთობლივად გახსნეს.
"მინდა მადლობა გადავუხადო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს და მივულოცო 10 წლის იუბილე. უკვე 10 წელია, რაც ეს სააგენტო ფუნქციონირებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების განვითარებაში. ემსახურო შენს ქვეყანას ასეთი საპასუხისმგებლო და საჭირო საქმით, ვფიქრობ, თითოეულ თქვენგანს დიდ სიამაყეს ანიჭებს. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
იუბილესთან დაკავშირებით, დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძემ სამედიცინო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, ასევე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებს ჯილდოები გადასცეს.
დაჯილდოებულთა შორის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც, რომელსაც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა.
„საბჭოთა პერიოდში საქართველო წარმოადგენდა ერთ-ერთ ცენტრს, სადაც აქტიურად მიმდინარეობდა ბირთვული მიმართულების კვლევები და მისი დაშლის შედეგად ქვეყანაში დარჩა ბირთვული ნარჩენების მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამ ნარჩენების მართვა და მათი მოშორება დასახლებული პუნქტებიდან არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ეს ჯილდო მნიშვნელოვანია მთლიანად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის და თითოეული იმ მეცნიერისთვის, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონფერენცია თემაზე „რადიაციული უსაფრთხოება სამედიცინო საქმიანობაში“, რომელიც აერთიანებდა სფეროს ექსპერტებსა და პროფესიონალებს. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც მონაწილეებმა იმსჯელეს სფეროში არსებულ პრაქტიკულ გამოწვევებზე, გამოცდილების გაზიარებასა და თანამედროვე მიდგომების დანერგვის მნიშვნელობაზე.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო უწყებას, რომელიც უზრუნველყოფს ბირთვული და რადიაციული საქმიანობების რეგულირებასა და კონტროლს. სააგენტოს საქმიანობა მოიცავს რადიაციული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვასა და ზედამხედველობას, ბირთვული და რადიაციული ობიექტების ლიცენზირებას, მონიტორინგს, ასევე მოსახლეობისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფას.










