საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს სთხოვეს აეხსნა, რატომ არის კანონი უცხოური აგენტების შესახებ კარგი შეერთებული შტატებისთვის და არა საქართველოსთვის.






„განსხვავება ამ კანონების არსშია. თუ თქვენ შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს დაუკვირდებით, ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მოქმედებენ უცხოური მთავრობების სახელით და არა მათ, რომლებიც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობენ, ან მათ, რომლებიც ეწევიან ჰუმანიტარულ საქმიანობას, ჩართულები არიან სამოქალაქო საზოგადოების ქმედებებში. ეს არსებითად განსხვავებული რამ არის. მინახავს ასეთი მცდარი შედარებების გაკეთება წარსულში. თუ დაუკვირდებით წინადადებებს საქართველოში წარდგენილ ტექსტში და ტექსტებში, რომლებიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით არის მიღებული, ისინი ძალიან განსხვავდებიან იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ, აშშ-ში გვაქვს", - განაცხადა მეთიუ მილერმა.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მეთიუ მილერის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით შეეხმიანა.

„FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელევიზია "ფორმულა". ალბათ, ეს მაინც არ არის სადავო, რომ არც ერთი და არც მეორე, ღმერთის წყალობით, უკვე 12 წელია აღარ არიან საქართველოს "მთავრობის სახელით მოქმედი პირები". სწორედ ამგვარი ზედაპირულობა და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში. გვახსოვდეს, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონი ამერიკულთან ახლოსაც ვერ მივა რეგულაციების სიმკაცრით - არ ეხება ფიზიკურ პირებს, არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ა.შ."