პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის შეჩერებაზე დეზინფორმაციულ და ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებენ, მათ შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები - მნიშვნელოვანია ამაზე იყოს რეაგირება ევროკავშირის მხრიდანაც, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აკრედიტაციის წესის შემოღების დღიდან დღემდე პარლამენტში ჟურნალისტების 23 000 შესვლა ფიქსირდება, აქედან კი მხოლოდ 14-ჯერ მოხდა აკრედიტაციის დროებითი შეჩერება.
„გარდა ზიზღისა და ტერორის კამპანიისა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან წარმოებს, კიდევ არის დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც წარმოებს იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. გუშინ მე გამოვეხმაურე მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა განცხადება, პარლამენტში ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. მისი გამოხმაურება გამოწვეული იყო იმ დეზინფორმაციით, რომელიც აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით წარმოებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. სწორედ ეს ცილისმწამებლური კამპანია გახდა საფუძველი, რომ ეუთოს მედიის მხრიდან გაკეთდა კრიტიკული განცხადება, რაც აცდენილი იყო სიმართლეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა ჟურნალისტების აკრედიტაციისთვის არსებული წესებიც.
„აკრედიტაციის სისტემა არსებობს 2023 წლის მარტიდან. ამ სისტემამდე იყო სისტემა, როცა ყოველ ჯერზე ხდებოდა საშვების დაშვება. აკრედიტაციის სისტემის შემოღებით ჟურნალისტებს აქვთ ერთწლიანი აკრედიტაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ისევე, როგორ პარლამენტის ნებისმიერი თანამშრომელი, შემოდიხართ პარლამენტში თავისუფლად, მუშაობთ ისე, როგორც თქვენ გსურთ, წერთ ვისაც თქვენ გსურთ. არის სამი მარტივი წესი, რომ არ შევიდეს ჟურნალისტი ჩართული კამერით სხვის კაბინეტში, მეორე - არ იყოს დოკუმენტების გადაღება და მესამე, განსხვავებით ბევრი სხვა პარლამენტისგან, ჩვენთან არ არის წესი, ინტერვიუზე წინასწარი თანხმობის შესახებ. ჟურნალისტს შეუძლია პირდაპირ დაიწყოს ინტერვიუ, თუმცა, თუ რესპონდენტს არ სურს გაგრძელება, ეს ინტერვიუ უნდა შეწყდეს და არ იყოს დევნა კორიდორებში. ყველა ჟურნალისტი, ვინც აკრედიტაციას იღებს, ეთანხმება ამ წესს. როცა ეს ირღვევა და ფაქტია, რომ ირღვევა, ყველაფერი დოკუმენტირდება, რა თქმა უნდა შესაბამისი რეაგირება არის. მას შემდეგ, რაც შემოვიღეთ აკრედიტაციის სისტემა, 23 000-მდე შემოსვლა განხორციელდა ჟურნალისტების მხრიდან. 23 000 შემოსვლიდან მხოლოდ 14 შემთხვევაში მოხდა აკრედიტაციის შეჩერება, ისიც დროებით, ერთი თვე არის ვადა შეჩერების. აქედან 9 შემთხვევა იყო 2023 წელს, ხუთი 2024 წელს. ეს ადასტურებს და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, რომ ჟურნალისტები მოქმედებთ ამ წესების ფარგლებში და იცავთ მათ. როცა დევიაცია არის ამაზე, რა თქმა უნდა ხდება რეაგირება. ამ ყველაფერზე დეზინფორმაციულ და ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებენ მათ შორის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. ამაზე მე არაერთხელ მქონდა საუბარი, რომ მნიშვნელოვანია იყოს რეაგირება. მაშინ, როდესაც 9 პუნქტიდან ერთი არის დეზინფორმაციის არ დაშვება, მეორე პოლარიზაციის შემცირება, ერთშიც და მეორეშიც, მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის მხრიდან, ამიტომ რა თქმა უნდა, ევროკავშირის პასუხისმგებლობაც არის, რომ ეს შემთხვევები გამოიკვლიონ და ამაზე ჰქონდეთ რეაქცია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.