პარლამენტში რესპოდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი და არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები და ა.შ. რაც სამწუხაროდ, პარლამენტში იყო პრაქტიკა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „მთავარისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის დროებით შეჩერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, რესპონდენტის სურვილს ჟურნალისტებმა პატივი უნდა სცენ.
„პარლამენტის აპარატი ეყრდნობა ღია წყაროებში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის თავად ამ შემთხვევაში „ტვ პირველის“ მიერ ეთერში გაშვებულ მასალას. მეხუთეჯერ გაიმეორეთ ტყუილი, თითქოს, რაიმე კავშირშია შინაარსი. შინაარსი საერთოდ არაფერ შუაშია. კითხვა სულ რომ სპორტზე იყოს, ეს არაფერ შუაშია. მთავარია, რომ არ შეიძლება, დეპუტატის დევნა. წესები ყველა ჟურნალისტს აგიხსენით. საჯაროა, გამოყავით ორი წუთი და ეს წესები წაიკითხეთ. ცოტა შრომა გასწიეთ, წესები წაიკითხოთ და დასკვნები გამოიტანეთ, იმისთვის, რომ პარლამენტში რესპოდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი და არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები და ა.შ. რაც სამწუხაროდ, პარლამენტში იყო პრაქტიკა. ზოგიერთი ჟურნალისტი იყო ეთიკური ჟურნალისტიკის მიღმა. ამიტომ შემუშავდა ბრძანება. სწორია ეს პრინციპები. რა თქმა უნდა, ამას არ გადავხედავ. გირჩევთ, წესები წაიკითხეთ. სამი ძირითადი საკითხია. წინასწარი თანხმობის გარეშე, აპარატის თანამშრომელს ან დეპუტატს არ უნდა შეუვარდეთ ჩართული კამერით. პარლამენტი არ არის საჯარო სივრცე, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ამ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანებს, აპარატის თანამშრომლებსა და დეპუტატებს ჰქონდეთ სამუშაო გარემო. ამიტომ, როდესაც რესპონდენტს არ აქვს სურვილი, რომ ინტერვიუ მოგცეთ, პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.