პროკურატურამ გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. „ნიუს არმენიას“ ცნობით ამ საკითხთან დაკავშირებით მან ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურისგან მიიღო.
„სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 პუნქტით (განსაკუთრებით დიდი მასშტაბით გადასახადებისგან თავის არიდება). აღკვეთის ღონისძიებად შეირჩა საცხოვრებელი ადგილის უნებართვო მიტოვების აკრძალვა“, - აცხადებს პროკურატურა.
მოგვიანებით „ნიუს არმენიამ“ პარტია „აყვავებული სომხეთის“ წევრის, სომხეთის ეროვნული ასამბლეის ორგზის დეპუტატის, ჟურნალისტ ივეტა ტონოიანის მიერ ფეისბუქზე ატვირთული ინფორმაციის შესახებ აუწყა მკითხველს.
„ნიუს არმენიის“ ცნობით, პარტია „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარის პრესმდივანი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაგიკ წარუკიანმა სცადა ქვეყნის დატოვება, მაგრამ ნებართვა არ მისცეს და დაწერა, რომ წარუკიანმა და მისმა მეუღლემ წინასწარ დაგეგმეს ორ-სამდღიანი ვიზიტი, მხოლოდ პირადი და ოჯახური მიზეზების გამო.
„ესაა ამ ამბის მთელი ისტორია. როდესაც გაგიკ წარუკიანს აეროპორტში პასპორტის კონტროლზე უთხრეს, რომ საჭირო იყო რაღაცის დაზუსტება, წარუკიანმა უპასუხა, რომ არაფრის დაზუსტება არ იყო საჭირო და თუ ეს სხვა ინტერპრეტაციას გამოიწვევდა, ის გააუქმებდა მოგზაურობას და სახლში დაბრუნდებოდა. მესმის, რომ დღევანდელ სომხეთში სამთავრობო მედიას აქვს უფლება დაწეროს ის, რაც სურს, მაგრამ არსებობს რაღაცები, რაც ნამდვილად მიუღებელია“, - წერს ტონოიანი.
შეგახსენებთ, რომ 7 ივნისის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების მოთხოვნით, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 86 საარჩევნო უბანზე ხმების გადათვლის შესახებ განაცხადა. წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში შესასვლელად საჭირო 4%-იანი ბარიერის გადალახვასთან ძალიან ახლოსაა გაგიკ წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“, რომელმაც ხმების 3.996 პროცენტი აქვს.




