“ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის ღირებულებებია, რომელიც ქრისტიანულ საწყისებზეა დაფუძნებული. ის ღირებულებებია, რაც საერთოა ჩვენთვის- თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა. აი, ასეთი ევროპული მომავლისკენ ვისწრაფით ჩვენი ფასეულობებით“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
„მეგობრებო, მინდა გავიხსენო 2012 წელს რა გადამწყვეტი როლი იქონია თბილისმა ქვეყნის ცხოვრებაში. ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულმა ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, სიცრუეს და სიყალბეს, რომელსაც ე.წ. საქართველოს მეგობრები „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ და დღესაც ასე ზეწოლით, შანტაჟით ცდილობენ მათ დაბრუნებას ხელისუფლებაში. პირდაპირ ერევიან არჩევნებში და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გარე ძალები ვერ ეგუებიან, რომ საქართველომ უკრაინის ბედი არ გაიზიარა, არ შეუერთდა სანქციებს.
გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია, რომ გამჭვირვალობა ანტიდემოკრატიულია, ხოლო ლგბტ პროპაგანდა ჰუმანიზმის და ლიბერალიზმის გამოვლინება. გვეუბნებიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებად წოდებულ რადიკალებს უფლება აქვთ, მიიღონ თანხები, გამოიყენონ ეს ყველაფერი ხალხის დაპირისპირებისთვის, რევოლუციების მოწყობაში, ექსტრემიზმის დაფინანსებაში და ჩვენ თურმე, ქართველმა ხალხმა ამის შესახებ არაფერი უნდა ვიცოდეთ.
მინდა მივმართო აქაურ წვრილფეხა რადიკალებს და მათ წამქეზებლებს, რომ ასე ვერ გაგრძელდება, ეს არ მოხდება. უსამშობლო, გამყიდველი ადამიანები ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, საქართველო არ დაბრუნდება წარსულში. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ გამარჯვებით, წინ, ევროპისკენ!
მათმა მმართველობამ საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანა, რასაც არ დაივიწყებს ქართველი ხალხი და არ დაუშვებს, ისევ გახვიონ ქვეყანა ომის ქარცეცხლში, გარე ძალების ინტერესების გამო.
თუ სამშობლო არ გიყვარს, როგორ შეიძლება გიყვარდეს და პატივს სცემდე სხვა ქვეყანას? უსამშობლო ადამიანი მტერზე უფრო საშიშია, რადგან ყველანაირ სიბინძურეს აწერს ხელს. ჩვენ ვერ დავუთმობთ სამშობლოს უსამშობლო ადამიანებს საჯიჯგნად.
მეგობრებო, დღეს, ჩვენ ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების და ჩვენი იმ თანამოქალაქეების ნაცვლადაც, რომელთაც თვალები აქვთ ახვეული და რეალობის დანახვა ვერ, ან არ შეუძლიათ. ამიტომ, 26 ოქტომბერს, ისე დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რომ ყველამ ხელი აიღოს ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებულ ავ ზრახვებზე. ამისთვის საჭიროა ქუდზე კაცი გამოვიდეთ არჩევნებზე და დავიცვათ საკუთარი ხმა, რომელიც საქართველოს მიიყვანს გამარჯვებასთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.