ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის ღირებულებებია, რომელიც ქრისტიანულ საწყისებზეა დაფუძნებული. ის ღირებულებებია, რაც საერთოა ჩვენთვის - თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა. აი, ასეთი ევროპული მომავლისკენ ვისწრაფვით ჩვენი ფასეულობებით, ჩვენი უნიკალურობით, ჩვენი რწმენითა და იდენტობით. – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შესაბამისად, ჩვენ საკუთარი ტრადიციებით, საკუთარი კულტურით, წელში გამართულები გავაღებთ ევროკავშრის კარს, გავამდიდრებთ მას ჩვენი მრავალფეროვნებით.
საქართველო იქნება ყველასთვის სასურველი პარტნიორი და არა ხელგაწვდილი, მოწყალების მთხოვნელი და ცალ ფეხზე მდგომი.
ასეთ საქართველოზე ვოცნებობდით ყველა და ასეთ საქართველოს ვაშენებთ, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხთან ერთად. რამდენსაც არ უნდა ეცადონ ჩვენი გარე თუ შიდა მტრები, სამიათასწლიანი ისტორიის მქონე ხალხს ამ გზიდან ვერ გადაგვახვევინებენ!
საქართველო უპირველეს ყოვლისა! ჩვენი სამშობლო უპირველეს ყოვლისა! ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენი სამშობლოს მიმართ!" - განაცხადა კახა კალაძემ.