მეგობრებო, დღეს, ჩვენ ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების და ჩვენი იმ თანამოქალაქეების ნაცვლადაც, რომელთაც თვალები აქვთ ახვეული და რეალობის დანახვა ვერ, ან არ შეუძლიათ. ამიტომ, 26 ოქტომბერს, ისე დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რომ ყველამ ხელი აიღოს ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებულ ავ ზრახვებზე. ამისთვის საჭიროა ქუდზე კაცი გამოვიდეთ არჩევნებზე და დავიცვათ საკუთარი ხმა, რომელიც საქართველოს მიიყვანს გამარჯვებასთან. – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული იდენტობის, ეროვნული ინტერესების დასაცავად. დღეს ჩვენი ბრძოლა წყდება არჩევნებზე, დავდგეთ ერთად და ბოლომდე გავიტანოთ ჩვენი გასატანი, ჩვენი სამშობლოს გასატანი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით შევქმნით ევროპულ მომავალს.
26 ჩვენი რიცხვია, ოქტომბერი ჩვენი თვეა. გაუმარჯოს გამარჯვებულ „ქართულ ოცნებას“, გაუმარჯოს საქართველოს! ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი." - განაცხადა კახა კალაძემ.