სერბეთის პატრიარქმა პორფირემ, ბელგრადში, სერბეთის საპატრიარქოს სამლოცველოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა. მსახურებაში მონაწილეობდა პატრიარქის კაბინეტის უფროსიც. მისმა უწმინდესობამ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, წმინდა სინოდსა და ქართველ ხალხს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

"დიდი მარხვისას მოგვივიდა სამწუხარო ამბავი ჩვენი საყვარელი ძმის, ქართველი ხალხის მარადსახსენებელი მამისა და მწყემსმთავრის, ნეტარხსენებული პატრიარქი ილიას ქრისტესმიერი განსვენების შესახებ. თუმცა, ჩვენ არ ვგლოვობთ როგორც უიმედონი (შდრ. 1 თეს. 4:13), არამედ რწმენით შევყურებთ ქრისტეს აღდგომასა და მარადიულ სიცოცხლეს.

სრულიად სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მღვდელმთავართა კრებას, სამღვდელოებას, მონაზვნებს და საქართველოს ეკლესიის მორწმუნე ერს მათი დიდი მწყემსმთავრის აღსრულების გამო.

როგორც წყლის ნაკადულებთან დანერგილი ხე (შდრ. ფსალმ. 1:3), ჩვენმა ნეტარმა ძმამ, ილიამ, თავის დროზე გამოიღო უხვი ნაყოფი. მისმა შრომამ და მოღვაწეობამ წარუშლელი სულიერი კვალი დატოვა ჯერ მასზე მინდობილ სამღვდელოებასა და მორწმუნე ერზე, შემდეგ კი მთელ მართლმადიდებელ სამყაროზე. მისი ქრისტესმიერი პიროვნებიდან გამოსჭვიოდა ჭეშმარიტი მოციქულის სახე. ის იყო საეკლესიო წესრიგისა და ტრადიციის დამცველი, ასევე მორალური დასაყრდენი თავისი ხალხისთვის.

რთულ ისტორიულ გარემოებებში მან ხელი შეუწყო სულიერ განახლებას, საეკლესიო ცხოვრების გაძლიერებას, იდენტობისა და მართლმადიდებელი ქართველი ხალხის ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებას. ამაზე, სხვა მრავალთან ერთად, მოწმობს მისი უნიკალური სამწყემსმთავრო მოღვაწეობა - ათიათასობით ბავშვის ნათლიობა, რითაც მან ძლიერი ბიძგი მისცა თავისი სამწყსოს სახარებისეულ ცხოვრებას და ყველა ქრისტიანისთვის იქცა "მთაზე მდგარ ქალაქად" (მთ. 5:14) და მისაბაძ მაგალითად.

ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, აღდგომამ და სიცოცხლემ, განუსვენოს თავისი ახლადშესვენებული მონის, პატრიარქი ილიას სულს მართალთა სავანეში, სადაც არ არის სენი, მწუხარება და სულთქმა, არამედ არის დაუსრულებელი სიცოცხლე.

საუკუნო იყოს ხსენება შენი, ნეტარებისა და მარადიული ხსოვნის ღირსო, ჩვენო ნეტარო ძმაო, ილია!" - განაცხადა სერბეთის პატრიარქმა.