ეს გამიზნული მორიგი პროვოკაციაა, რომელსაც დიპლომატიასთან არანაირი კავშირი არა აქვს - ეს პირდაპირ ნაჯახივით მოქნეული პროვოკაციაა ომის ერთი წლის თავზე, - ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას.
„ამის შემდეგ საქართველოში კიდევ ვიღაცას უჩნდება კითხვა - საქართველოში უნდათ თუ არა მეორე ფრონტის პროვოცირება? - რა თქმა უნდა, უნდათ! სამწუხაროდ, ეს განცხადება ამის ნათელი მაგალითია. დაუსრულებელი პროვოკაციების მიუხედავად, საქართველო თავის პოზიციას მაინც მყარად ინარჩუნებს, ეროვნულ ინტერესებს იცავს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად უკრაინელ ხალხს ამ აგრესიის დაძლევაში მხარს უჭერს. კასიანოვის განცხადება ყოველგვარ დიპლომატიურ ენას სცდება, თუ გნებავთ, მკაცრ დიპლომატიურ ენას. ეს პირდაპირ არის ნაჯახივით მოქნეული პროვოკაცია ერთი წლის თავზე. ასეთმა პროვოკაციებმა წონასწორობიდან არ უნდა გამოგვიყვანოს და საქართველო არ უნდა აიძულოს, საბედისწერო შეცდომები დაუშვას. ეს ნათელი ლუსტრაციაა იმის, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს პროვოცირებას, რათა აქ მეორე ფრონტი გაიხსნას. ფიქრობენ, რომ თუ ომი იქნება, რუსეთს ახალი პრობლემები შეექმნება, მაგრამ საქართველოსთვის ეს აბსოლუტურად დამანგრეველი იქნება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ ნაჯახით მოქნეული პროვოკაციაა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ უკრაინასთან ომში რუსეთის უპირატესობებსა და 10 დასახლების აღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული დეპუტატი „შოიგუს დაკრულზე ცეკვას აგრძელებს, რასაც უკრაინა გმობს.
კასიანოვი ყველას ურჩევს, ფრონტზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური ინფორმაცია გამოიყენონ და არა რუსული პროპაგანდის ტყუილი.
„ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე, შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე“, - განაცხადა კასიანოვმა.